გიორგი ბუხაიძე - ჯერ „სამგურალს“ მოდუნების უფლება არ აქვს #1TVSPORT
გიორგი ბუხაიძე წყალტუბოს „სამგურალისა“ და „სამტრედიას“ (2:1) მატჩის გმირი გახდა. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში წყალტუბოელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და 8-მატჩიან მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვეს, რაშიც გადამწყვეტი როლი „სამგურალის“ 29 წლის თავდამსხმელმა ითამაშა – გიორგი ბუხაიძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და დუბლით თამაში შემოატრიალა.
„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო და დაძაბულ შეხვედრას ველოდით. „სამტრედიას“ პლეიაუტის ზონაში მოხვედრის თეორიული შანსები ჰქონდა და ვიცოდით, რომ ბოლომდე იბრძოლებდა. გამომდინარე იქიდან, რომ სატურნირო მდგომარეობა დაიძაბა, მშვიდად ჩვენც ვერ ვიქნებოდით და 3 ქულა „სამგურალისთვისაც“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გაშვებული გოლის მიუხედავად, არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც დაგვიფასდა“, – ამბობს გიორგი ბუხაიძე.
გამოცდილმა თავდამსხმელმა საკუთარ გოლებზეც ილაპარაკა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს მიერ გატანილი გოლებით გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. ჩვენს ერთგულ გულშემატკირებს გვერდში დგომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. პირველი გოლი პენალტით გავიტანე. სერგო კუხიანიძე ბომბარდირთა დავაშია და პენალტის შესრულებასაც აპირებდა, მაგრამ იმდენად ვიყავი დარწმუნებული რომ გავიტანდი, სერგის ვთხოვე ჩემთვის დაეთმო. მან თხოვნა შემისრულა და ამისთვის მადლობა. გავიტანე და ანგარიში გავათანაბრეთ. ბოლო წუთზე კი გამარჯვების გოლიც გავიტანეთ. გატანილი გოლები ბურთის მაისურის ქვეშ ამოდებით აღვნიშნე, რადგან ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ბავშვს ველოდებით. გოლები ამ ჟესტით მეუღლეს და ჩვენს მომავალ პატარას მივუძღვენი“.
გიორგის თქმით, ჯერ გუნდს ლიგაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.
„დარჩენილი სამი მატჩი ისეთ გუნდებთან გვაქვს, ყველა რაღაც მიზნისთვის იბრძვის. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ, ჯერ ბოლომდეა საქმე მისაყვანი და მოდუნების უფლება არ გვაქვს. 33–ე ტურში ჩვენმა კონკურენტებმაც მოიგეს, ქულებში იგივე სხვაობა დარჩა და თავი სამშვიდობოს რომ დავიგულოთ, მომდევნო შეხვედრებშიც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ“.