გიორგი ბოტკოველი – უნდა განისაზღვროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და ამის შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ ადგილობრივ არჩევნებზე

16:14, 10.03.2021

ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის კონკრეტული თარიღი უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ ადგილობრივ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბედს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვერ გადაწყვეტს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვერანაირად ვერ გახდება ამ ქვეყნის ბედის გადამწყვეტი. უნდა ჩატარდეს თუ არა ადგილობრივი არჩევნები, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი და ბევრი პირობაა შესასრულებელი, პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უკანონო პატიმრის, ნიკა მელიას გათავისუფლება. ამის შემდეგ შესასრულებელია ყველა პირობა.

ამიტომ ჩვენ ვერანაირად ვერ შევალთ ამ პოლემიკაში და ვერც ვისაუბრებთ ადგილობრივ არჩევნებზე, ვიდრე ხელისუფლება იძულებული არ გახდება, შეასრულოს ის პირობები, რომლებიც არა მხოლოდ ოპოზიციური ძალების მოთხოვნაა, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის კონკრეტული თარიღი უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი უკვე ადგილობრივ არჩევნებზე“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

რაც შეეხება კითვას, „მიიღებთ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში“, ბოტკოველი პასუხობს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე სხვა მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი და მანამდე ამ თემაზე საუბარს არ აპირებენ.

„მიღება არ მიღებაზე არ არის საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას და ამ თემაზე საუბარს, რადგან სხვა მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები დაინიშნება“, – დასძინა გიორგი ბოტკოველმა.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

მსგავსი