გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილმა უკვე დაასრულა მუშაობა ეკონომიკურ გეგმაზე, რასაც მალე პირადად წარადგენს
გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილმა უკვე დაასრულა მუშაობა ეკონომიკურ გეგმაზე, რასაც მალე პირადად წარადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მნახველების რაოდენობა კვლავ შეზღუდულია. მისივე თქმით, ეს პატიმრის უფლებების დარღვევაა.

ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილმა უკვე დაასრულა მუშაობა ეკონომიკურ გეგმაზე და უახლოეს პერიოდში პირადად წარადგენს.

„სააკაშვილის მიმართ გრძელდება არაადამიანური მოპყრობა. ეს ბევრი რამით გამოიხატება, მათ შორის ექიმების არშეშვებით, მნახველთა რაოდენობის შეზღუდვით, თვითონ იქ არსებული სიტუაციით, რაზეც ხშირად საუბრობენ ადვოკატები. არ გვეძლევა ახლო კონტაქტის საშუალება, რისი უფლებაც კანონით გვაქვს. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი არც ერთ დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე. მან უკვე დაასრულა თავისი ეკონომიკური გეგმა, რომელსაც ძალიან მალე პირადად წარადგენს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტსაბჭოს წევრებისთვის აქვს მნიშვნელოვანი გზავნილები. მთავარი გზავნილია, რომ არც ერთი დღით არ შეწყდეს ბრძოლა. არაფერი ცვლილებები არ ხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ძლიერდება. სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი. მისი ყოველი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.