გიორგი ბოტკოველი - როგორც ჩანს, გახარიამ დღეს უკვე დაიწყო თავისი მუქარის შესრულება, რაც გუშინ განახორციელა
გიორგი ბოტკოველი - როგორც ჩანს, გახარიამ დღეს უკვე დაიწყო თავისი მუქარის შესრულება, რაც გუშინ განახორციელა

როგორც ჩანს, გახარიამ დღეს უკვე დაიწყო თავისი მუქარის შესრულება, რაც გუშინ განახორციელა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს პირდაპირ გულისხმობდა ბრძოლას მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ. დღეს დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივანი, დავით კირკიტაძე, რომლის დაკავებაც ყოველგვარი კანონის დარღვევით და შეთითხნილი ბრალდებებით მოხდა. ის, რაც დღეს მოხდა და გუშინდელი ამბავი, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, არის სამარცხვინო და დღევანდელი ხელისუფლების აზრით, ალბათ, ეს არის რეპრესიების დასაწყისი გაერთიანებული ოპოზიციისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ოპოზიციური აზრი გააჩნია“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ვერც ერთი ასეთი ფაქტი და დაკავება ვერ შეაჩერებს პროცესს, მუხტს და ბრძოლას, რაც დაწყებულია და დაკავებულ ათ ადამიანს მოჰყვება დამატებით 10 000 ადამიანი, რომელიც უფრო მეტად იზრუნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება დასრულდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნახა თუ არა მან ჩანაწერი, სადაც დავით კირკიტაძის ქმედებებია ასახული და დაინახა თუ არა მან მის საქციელში ძალადობრივი ქმედება, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ძალადობრივი ფაქტი მან სამართალდამცველების მხრიდან დაინახა, რომლებიც მომართული იყვნენ, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები შეეზღუდათ.

„ჩვენ დაანონსებული გვქონდა აქცია კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელზეც თავიდანვე ზუსტად ვიცოდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ არაფერი ღონისძიება არ ტარდებოდა და ეს გუშინდელმა დღემ დაადასტურა კიდეც. თუმცა, პოლიციამ, ხელისუფლებამ იქ ხელოვნურად შექმნა ბარიერი, რათა აქცია არ გამართულიყო და ის ღონისძიება, რომელიც ლეგიტიმური ნამდვილად არ არის, ისე წარმოჩენილიყო, თითქოს, საქართველოში ერთი ლამაზი, მშვენიერი არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ადამიანმა გაიმარჯვა. სინამდვილეში, საქართველოში არჩევნების ნაცვლად ჩატარდა ერთი ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარა ერთმა კონკრეტულმა პირმა, რომელმაც გადაწყვიტა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ ისარგებლეს მათ ალტერნატიული მარშრუტით, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა არა ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათი ინფორმაციით, თელავისკენ ყვარლიდან მიმავალი გზა აბსოლუტურად გახსნილი იყო, ბოტკოველმა განაცხადა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერი იყო და ეს გაცხადებული არ ყოფილა.

„არ არსებობს ამის არც ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის მიემართა ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას, შსს-ს, რომ ეს კონკრეტული გზა დაკეტილი იქნებოდა. ჩვენ იქ, სადაც აქცია უნდა ჩაგვეტარებინა, მშვიდობიანად, მშვიდად მივემართებოდით. თუმცა, ის, რაც უკვე იქ მოხდა, ჩვეულებრივი ძალადობა იყო ხალხის წინააღმდეგ. ის, რასაც იქ ახორციელებდა პოლიცია, ის პოლიცია, რომელიც ერთ დროს ნამდვილად საამაყო იყო, პირდაპირი დანაშაული იყო და ყველა ის ბრალდება, რომელიც ამ შემთხვევაში, დავით კირკიტაძეს აქვს წაყენებული, ნამდვილად შეიძლება წაუყენო ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იქ, ასე ვთქვათ, ბარიერს იქით იმყოფებოდა და იმ შემთხვევაში პოლიციას წარმოადგენდა“, – განაცხადა ბოტკოველმა.

შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, გაერთიანებულ ოპოზიციას ალტერნატიული გზით ესარგებლა, ეს დაპირისპირება თავიდან აეცილებინა და გრძნობენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას, ბოტკოველმა განაცხადა, რომ დაპირისპირების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ის იყო, პოლიციას მშვიდობიანი მანიფესტანტებისთვის ხელი არ შეეშალა.