გიორგი ბოტკოველი - „პუფად“ შეიძლება წარმოვიდგინოთ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთადერთი რამისთვის ზის პარლამენტში, რომ ნებისმიერი კანონპროექტი გააპრავოს
გიორგი ბოტკოველი - „პუფად“ შეიძლება წარმოვიდგინოთ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთადერთი რამისთვის ზის პარლამენტში, რომ ნებისმიერი კანონპროექტი გააპრავოს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „ქართულ ოცნებას“ მოუწია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელმოწერა.

ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბოტკოველს კითხვა დაუსვეს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი, იქნება პუფი“.

პუფად“ შეიძლება წარმოვიდგინოთ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთადერთი რამისთვის ზის პარლამენტში, რომ ნებისმიერი კანონპროექტი გააპრავოს. რომელი კანონპროექტიც ვიღაცის კეთილდღეობას ემსახურება და არა ქვეყნის კეთილდღეობას“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია ჰქონდა.

„მარტივად მინდა გიპასუხოთ, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეჭირა პრინციპული პოზიცია, ვიდრე პარლამენტი ერთპარტიული იყო, ვიდრე კონსტიტუციაში მათ ცვლილებების შეტანა არ შეეძლოთ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ მოუწია ხელის მოწერა იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა ქვეყანაში და შარლ მიშელის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რასაც „ქართული ოცნებაც“ დაეთანხმა. ასევე, „ქართულ ოცნებას“ მოუწია ხელის მოწერა, სადაც წერია ვადამდელი არჩევნები 2022 წელს. ამიტომ, მას შემდეგ, რაც პარლამენტი აღარ იყო და აღარ არის ერთპარტიული, მას შემდეგ, რაც ჩვენგან დამოუკიდებლადაც შეუძლიათ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დამატებით დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლებას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.