გიორგი ბოტკოველი – პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიციების შეუსრულებლობა ძალიან ძვირი დაუჯდება არა ქვეყანას, არამედ კონკრეტულ ადამიანებს
ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, ვის წარმოადგენს შარლ მიშელი, რამდენად არის გასათვალისწინებელი მისი პოზიცია, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც მიშელმა დააფიქსირა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ განაცხადა.
„დღევანდელი ხელისუფლება ან ირჩევს იმ გზას, რომელიც განვითარების გზა და ამ შემთხვევაში ევროპის ჩართულობის გაზიარებაა, ან ირჩევს გზას და კურსს, რომელიც ეჭვის ქვეშ დგას და, რომელიც დღეს, პრემიერ-მინისტრის განცხადებების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც მან რიტორიკა შეცვალა და მისი განცხადებები სრულიად საპირისპირო იყო, – აღნიშნა ბოტკოველმა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს.
„არსებობს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მართავს. გუშინდელი სწრაფი გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა ალბათ, მის გარეშე მიიღო. ის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პოზიციამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ოპოზიციასთან ერთად სასწრაფოდ დამჯდარიყო და ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა. მისი სწრაფი გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ივანიშვილისთვის, ისე იმ პოლიტსაბჭოსთვის, რომელიც ფაქტობრივად, ფიქტიურია და ისიც თავიდან ბოლომდე ივანიშვილს ექვემდებარება. დღევანდელი განცხადებები ემსახურებოდა იმას, რომ ივანიშვილი მაინც ყველანაირად ეცდება, ეს ქვეყანა ევროპული ორბიტიდან რამენაირად გადაიტანოს იმ ორბიტაზე, რომელი დავალებითაც ამ ქვეყანაშია მოვლენილი და, რომლითაც უჭირავს ის პოზიციები, რომელიც დღეს საქართველოში გააჩნია“, – განაცხადა ბოტკოველმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „რისთვის არის მოცემული მომავალი ორი კვირა და რა უნდა შეიცვალოს ამ პერიოდის განმავლობაში“, ბოტკოველმა განაცხადა, რომ ეს ორი კვირა არის დათქმული ვადა, რომელმაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა რეალურად უნდა შეცვალოს.
„მე დარწმუნებული ვარ, იმ პოზიციების შეუსრულებლობა, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნა გამოხატული, ძალიან ძვირი დაუჯდება არა ქვეყანას, არამედ კონკრეტულ ადამიანებს. ორ კვირაში, როდესაც პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჩასვლა მოუწევს, მას აუცილებლად მოუწევს საუბარი ყველა იმ დათქმულ საკითხზე, რომელზეც გუშინ იყო საუბარი. ეს ორი კვირა ძალიან მძიმედ გადასატანი იქნება „ქართული ოცნების“ კონკრეტული ჩინოვნიკებისთვის. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვიცით ბევრი მაგალითი, თუ რა ბედი ეწევა შემდეგ კონკრეტულ ოლიგარქებს, თუ მმართველებს იმ პოზიციების არშესრულებით, რა პოზიციებიც მუდმივად ჟღერდება ჩვენი სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება, პარლამენტში ერთად დასხდომა და საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც „ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება“.
„დღეს ამ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ის ექვსი პუნქტი ოპოზიციასთან შეთანხმებით ჩამოყალიბდა თუ ბატონმა მიშელმა დაწერა. მან წარადგინა ეს ექვსი პუნქტი, სადაც პირდაპირ პოლიტიკურ პატიმრებზე იყო საუბარი. სახელ და გვარზე იყო თუ არა საუბარი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურ პატიმრებზე იყო საუბარი და „ქართული ოცნება“ რომ ელისაშვილთან, თუ ფრიდონ ინჯიასთან დაჯდება და რამე საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს, იქ ვითომ ოპოზიციასთან ერთად რამის კეთებას დაიწყებს, ეს რეალობას ვერ შეცვლის, ვერ მოაგვარებს იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი უფრო და უფრო ამწვავებს. ამიტომ, ამ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სამართლიანად ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.