გიორგი ბოტკოველი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან სახვეწარი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, თუ რამე მიღწეულა ამ ქვეყანაში, მიღწეულია ერთობით
გიორგი ბოტკოველი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან სახვეწარი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, თუ რამე მიღწეულა ამ ქვეყანაში, მიღწეულია ერთობით

ნიკა მელია არის ციხეში და ვითომ პარტნიორი ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს განცხადებას, რომ მას მხარს არ დაუჭერს. ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია გიორგი ვაშაძეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც ბოტკოველი ამბობს, ნებისმიერი შედეგი, თუ რამე მიღწეულა ამ ქვეყანაში, სწორედ ერთობით არის მიღწეული.

ბოტკოველის თქმით,  ვიდრე ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს არ აპირებს.

„ეს განცხადებები ალბათ ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. სწორედ ის ადამიანები მოკალათდნენ პარლამენტში, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვიდრე ნიკა მელია გარეთ არ გამოვიდოდა, მანამდე პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ. პარლამენტშიც შევიდნენ და ჩვეულებრივი თანამონაწილეები ხდებიან იმ კანონისა, რომელ კანონზეც ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ. რა მნიშვნელობა აქვს, მხარს დაუჭერენ თუ – არა ამნისტიის კანონს, როდესაც ისინი ფაქტობრივად თანამონაწილეები იქნებიან ამ ყველაფრის. ამიტომ უკვე მორალს სცილდება ის განცხადებები, რომლებიც დაკავებულ ნიკა მელიაზე ვრცელდება. გამოვა და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

ნამდვილად არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან სახვეწარი არ არის და „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან სახვეწარი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, თუ რამე მიღწეულა ამ ქვეყანაში, მიღწეულია ერთობით. სწორედ ის 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომლითაც დღეს თავს იწონებენ, არის ნიკა მელიას გმირობის და ძალიან ბევრი ადამიანის გმირობის, ბრძოლის ფასი. იმ ერთობის ფასი, რომელმა ერთობამაც თუნდაც შეთანხმება მიაღებინა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ არ ვაპირებთ საუბარს ადგილობრივ არჩევნებზე, ვიდრე ნიკა მელია იქნება ციხეში. ნიკა რომ დაბრუნდება გარეთ, ამის შემდეგ ვისაუბრებთ ყველაფერზე. ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე განხილვაც კი არ გვქონია, ჯერ არის საუბარი, რომ გამოვიდეს პარტიის თავმჯდომარე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ფორმით გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას. რაც შეეხება ნიკა მელიას, თუ ნიკა მელია იქნება კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, იქნება უალტერნატივო კანდიდატი დღეს ოპოზიციაში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, იქნება გუნდური და ამ გუნდს სათავეში ეყოლება ნიკა მელია. ვიდრე ნიკა მელია არ იქნება თავისუფლებაზე, მანამდე მსჯელობაც კი ზედმეტია, უნდა შევიდეთ თუ არა პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ მძლავრი მესამე ცენტრი უნდა შექმნას. მისივე თქმით, მარცხის ფორმულა იქნება, თუ მთელი ოპოზიცია მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.

„მარცხის ფორმულაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თუ დავუჭერთ მხარს მთელი ოპოზიცია, გამარჯვების ფორმულა მინდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.