გიორგი ბოტკოველი - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი პარტიის დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან, რადგან რეგიონში იმყოფებიან
გიორგი ბოტკოველი - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი პარტიის დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან, რადგან რეგიონში იმყოფებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი რეგიონში იმყოფებიან და პარტიის აქტივთან შეხვედრებს მართავენ.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, დღეს პარტიაში მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება.

„ნებისმიერ დღეს უნდა იყოს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მოვისმენ სხვის მოსაზრებებსაც, მექნება ჩემი მოსაზრებაც და ჩამოვყალიბდებით იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა ნიკა მელიას მიერ ჩანიშულ შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი, ბოტკოველმა აღნიშნა: „ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან წასული ერთ-ერთ რეგიონში და თქვენ შეგიძლიათ, ეს გადაამოწმოთ. ისინი არიან კონკრეტულად ამ საქმეზე, ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს და იქ არიან დაკავებული ჩვენს აქტივთან შეხვედრით და ადამიანების მობილიზებით“.

ნიკა მელიამ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიაში შეხვედრა გამართონ. „გთხოვთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.