გიორგი ბოტკოველი - კლინიკაში გადასვლაზე გადაწყვეტილებას თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს
გიორგი ბოტკოველი - კლინიკაში გადასვლაზე გადაწყვეტილებას თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს

გადაწყვეტილებას კლინიკაში გადასვლაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს, მისი დაკავების დღიდან მისი უფლებები ირღვევა, ვნახეთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე უფლებებზე საუბარი აღარ არის, როცა სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამების ფაქტებია დაფიქსირებული.

„საუბარი არ არის მოთხოვნებზე, განმარტება ხდება იმ უფლებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. მის მიერ ჩამოთვლილი მუხლები კანონით ენიჭება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი და მან კარგად იცის, რომ ხელისუფლებამ შეიძლება, პირობა დადოს და შემდეგ მოიტყუოს. ტყუილები „ქართული ოცნების“ თანმდევი შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილებას კლინიკაში გადასვლაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. მისი დაკავების დღიდან მისი უფლებები ირღვევა. ვნახეთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებიც. დღეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ერთ დეპუტატს აქვს. დეპუტატს შეუზღუდავი უფლება აქვს, რამდენსაც უნდა, იმდენი შევა საპატიმროში, მაგრამ ხელისუფლებამ დააწესა და ეს უფლება მიხეილ სააკაშვილს აუკრძალა. უკვე უფლებებზე საუბარი აღარ არის, როცა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამების ფაქტებია დაფიქსირებული“, – განაცხადა ბოტკოველმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.