გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება ცდილობს, წარმოადგინოს, თითქოს „სამართლიანი არჩევნების“ რაღაც პოზიცია ოპოზიციისთვის ერთადერთი არგუმენტი იყო, რაც ტყუილია
გაუგებარია ხელისუფლების განცხადებები, თითქოს „სამართლიანი არჩევნების“ პოზიცია და შეფასება ოპოზიციისთვის ხელმოსაჭიდი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ძალიან კარგად ვაკვირდებოდით, როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ისე არჩევნების დღეს და ამ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საჩივარი და მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, რომლებიც ცესკო-ს და სასამართლოს წარვუდგინეთ, მაგრამ არც ერთი მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება. ხელისუფლება ცდილობს, ისე წარმოადგინოს, თითქოს „სამართლიანი არჩევნების“ რაღაც პოზიცია ოპოზიციისთვის ერთადერთი არგუმენტი იყო, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. მთავარი არგუმენტია ის, რაც ჩვენ დავინახეთ და რა შეფასებებიც ოპოზიციამ ერთობლივად გავაკეთეთ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორთა შეფასებები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ის შეფასებაა, რომელსაც ქართველი ხალხი აკეთებს.
„დღეს ათ ადამიანს რომ ჰკითხოთ, მინიმუმ, რვა ადამიანი გეტყვით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ბოტკოველმა.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ოპოზიციური ერთობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ხელისუფლებას მიაღებინებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს, როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას.
მისივე თქმით, დღევანდელი ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკებების მთავარი ხაზი ერთ რამეზე უნდა გადიოდეს – საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უნდა განისაზღვროს კონკრეტული თარიღი. რომელი რაუნდი ერქმევა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როგორც კი მეხუთე რაუნდი დაინიშნება, მთავარია, საერთო მოლაპარაკება შედგეს, რომლითაც შესრულებული იქნება მთავარი მოთხოვნა, რომელიც ხალხშია და არა მარტო ოპოზიციურ ერთობაში“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველის თქმით, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ვადამდელი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია, რომელიც არ გადაიხედება, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების და ქართველი ხალხის მხრიდან წნეხით მას აუცილებლად მოუწევს ამ პოზიციის შეცვლა.
„სამი დღის წინ ისინი დაჟინებით ამბობდნენ, რომ აუცილებლად მიიღებდნენ კანონპროექტებს, რომლითაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას საქმიანობას შეუწყვეტდნენ და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსებას, მაგრამ სამ დღეში ვნახეთ, რომ ეს კანონპროექტები შეჩერდა და გადაიდო“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.