გიორგი ბოტკოველი - ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობენ, პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს პარტიულ პრინციპებს 
გიორგი ბოტკოველი - ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობენ, პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს პარტიულ პრინციპებს 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ის ფაქტი, რომ ეკა ხერხეულიძემ, აკო მინაშვილმა და გიორგი კირთაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადეს.

ბოტკოველის თქმით, მისთვის მეტად გასაკვირი იყო ის, რომ ამ ადამიანებმა ცოტა ხნის წინ პარტიაში თანამდებობები დატოვეს. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, არავის უთქვამს, რომ ვინმეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

„ამ ადამიანებმა სულ ცოტა ხნის წინ ასევე თქვეს, რომ პარტიაში დაკავებული პოზიციები დატოვეს. ესეც ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იყო. მათგან განსხვავებით, მათთვის არავის უთქვამს, რომ ვინმე უნდა წასულიყო. ჩვენ მანამდე ნიკა მელიას და სხვა ადამიანების მხრიდან მუდმივად ვისმენდით, რომ ბოტკოველი უნდა გაეგდოთ აქედან, შემდეგ თელავში არჩევნები ჩაეტარებინათ და ისე გადაეყენებინათ თელავის ორგანიზაციიდან. რასაც საუბრობდნენ, ძალიან ცუდი იყო. ჩვენგან ასეთი არც საუბარი და არც ქმედებები ყოფილა“, – განუცხადა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს.

ამასთან, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტიაში არ არსებობს არავისი გუნდი, არამედ არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და სააკაშვილის გუნდი. მისივე თქმით, ყველა უნდა დაემორჩილოს პარტიულ პრინციპებს.

„რაც შეეხება ყრილობის გუშინდელ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან, წესთან და ადამიანის არჩევასთან დაკავშირებით, მე მეტად მნიშვნელოვანი ამოვიკითხე და მოვისმინე, და ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა რაიონული ორგანიზაციის არჩეული თავჯდომარე გახდება პოლიტიკური საბჭოს წევრი და, ასე ვთქვათ, როდესაც სრული ფორმირება მოხდება, უმრავლესობას პოლიტსაბჭოში წარმოადგენენ რაიონული ორგანიზაციები, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პარტიის მშენებლობაში.

სამწუხაროა განცხადებები, რაც მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ. რაც ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე, მუდმივად ვისმენთ, და გუშინაც მოვისმინეთ განცხადება, სადაც ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობენ. ყველა უნდა ფიქრობდეს პარტიის გაძლიერებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთ რამეს და მკაფიოდ ვამბობ, ამ პარტიაში არავისი გუნდი არ არსებობს, ამ პარტიაში არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და არსებობს მიხეილ სააკაშვილის გუნდი. ის, რომ არჩევნები დამთავრდა, ყველამ კარგად უნდა შეიგნოს. თუ არჩევნებამდე ვინმე ვინმეს გუნდს წარმოადგენდა, არჩევნების პროცესში ვინმე ვინმეს გუნდს თუ წარმოადგენდა და იყო მისი მხარდამჭერი, ახლა არჩევნები დამთავრდა. პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელიც პარტიაში არსებობს“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.