გიორგი ბოტკოველი - ეს არის არჩევნები, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და რეალობა შეცვალოს
გიორგი ბოტკოველი - ეს არის არჩევნები, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და რეალობა შეცვალოს

ეს არის არჩევნები, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და რეალობა შეცვალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს.

„ჩვენ ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნები, რომელიც გამოხატავს იმას, თუ რომელ მუნიციპალიტეტში ვინ უნდა იყოს მერი და ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატი. ეს არის არჩევნები, რომელმაც ამ ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და შეცვალოს ამ ქვეყნის რეალობა. ის რეალობა, რომელ რეალობაშიც აღმოვჩნდით დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში.

რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს, აქ შანსებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ ყველა კანდიდატი, რომლიც წარმოდგენილი იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ყველა შეთანხმებული კანდიდატი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან, იქნება ის კანდიდატი, რომელიც რეალური გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ამას მალე ვიხილავთ. დღეს კანდიდატებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში წარვადგენთ. ამ დღეების განმავლობაში გაგრძელდება წარდგენები. ასევე წარვადგენთ ყველა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში დღეს იქნება მერების წარდგენა. ეს არ იქნება მხოლოდ მერობის კანდიდატი, ეს იქნება იმ მთავარი რეფერენდუმის ლიდერი იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, სადაც წარმოდგენილი იქნება ესა თუ ის პიროვნება“,- განაცხადა ბოტკოველმა.