გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მევენახეების აქციის ორგანიზატორი „ქართული ოცნება“ და სუს-ი იყვნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი გუშინ, თელაველი და გურჯაანელი მევენახეების მიერ „რუსთავი 2“-ის შენობასთან გამართულ აქციას „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ მოწყობილს უწოდებს.
„ამას საპროტესტო აქციასაც არ დავარქმევდით, სადაც შეკრებილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ კახეთის სახელით და კახელი გლეხების სახელით. ღვინო, ვენახი ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა კახელი გლეხისთვის, თუმცა არა პუტინის ქება-დიდებისა და ოკუპაციის აღიარების ხარჯზე. რაც შეეხება გუშინდელ ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ, ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, არაერთმა ტელევიზიამ უკვე გადასცა ამ ადამიანების გვარები და სახელები.
მაგალითად, ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და მასთან ერთად, არაერთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რომლებიც სუს-ის პირდაპირი დავალებით შეიკრიბნენ და რომლებსაც მტკაველი ვენახი არ გააჩნიათ. იქ მდგომი ადამიანების 80%-ს არ გააჩნია საკუთარი ვენახი და არიან ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც დღეს შეიძლება ღვინის პრობლემა გააპროტესტონ, ხვალ სხვა რამ, რასაც დაავალებენ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თელაველმა და გურჯაანელმა მევენახეებმა „რუსთავი 2“-თან აქცია გამართეს. კახელი მევენახეების აქციის ორგანიზატორის კახაბერ ბაბანიშვილის თქმით, თუ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიშს არ მოიხდის, მათი პროტესტი გაგრძელდება. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.