გიორგი ბერიძე - „უიპეშტი“ ბოლო ადგილზეა, მაგრამ მისი აღორძინების მჯერა #1TVSPORT
გიორგი ბერიძე - „უიპეშტი“ ბოლო ადგილზეა, მაგრამ მისი აღორძინების მჯერა #1TVSPORT

გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში გამართული 13 ტურის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია და 11 ქულით ბოლო, მე-12 ადგილს იკავებს.

თუმცა, გუნდის ქართველი ლეგიონერი იმედოვნებს, რომ ისტორიული კლუბი მდგომარეობის გამოსწორებას და ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს. ამის შესახებ 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გამოცემა nemzetisport-სთან ინტერვიუში განაცხადა,

„მჯერა, რომ „უიპეშტი“ აღორძინებას მოახერხებს. ეს ძალიან დიდი საფეხბურთო ტრადიციის და ისტორიის მქონე კლუბია. მართალია, ამჟამად ჩემპიონატში ბოლო ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ ველოდები, რომ საშემოდგომო ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ ბოლო ოთხ ტურში 10 ქულას მოვიპოვებთ“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში.

 

უნგრეთის ჩემპიონატში მე-13 ტურში გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ კარგი თამაში ჩაატარა და გოლის გატანა მოახერხა. 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა „დებრეცენთან“ საშინაო მატჩში და მე-20 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა, ბუდაპეშტის გუნდმა 3:1 მოიგო, ბერიძემ კი მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

შემდეგი მატჩი უნგრეთის თასის მოქმედ გამარჯვებულს, „უიპეშტს“ 27 ნოემბერს გასვლაზე „ჰონვედთან“ ელის. „უიპეშტი“ 1885 წელს დაარსდა – ქვეყნის ოცგზის ჩემპიონი და ცხრაგზის თასის მფლობელი უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.