გიორგი ბერიძე - ნაკრებში მიუწვევლობა ლოგიკური იყო, მაგრამ იმედია, ახლა გამომიძახებენ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბერიძე - ნაკრებში მიუწვევლობა ლოგიკური იყო, მაგრამ იმედია, ახლა გამომიძახებენ [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძე, რომლის კლუბი „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ეროვნულ გუნდში დააბრუნებს.

სანიოლს საამისოდ კარგი საფუძველი გააჩნია – ბერიძე მშვენიერ სეზონს ატარებს. „უიპეშტის“ ფლანგის 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატში გატანილ ექვს გოლთან ერთად, თასის ოთხ მატჩში ხუთი გოლი მიამატა და 22 მატჩში 11 გოლი დააგროვა. 

„2018 წელს ვაისი ხშირად მიწვევდა, მაგრამ ბოლოს სიაში ვეღარ ხვდებოდი. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან შარშან ამ დროს „ლოკერენში“ ვთამაშობდი, რომელიც გაკოტრდა და დაიშალა. მერე „გენტს“ დავუბრუნდი, რომელმაც სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლომდე არ გამიშვა და უნგრეთში რომ გადავედი, სეზონი უკვე დაწყებული იყო. ჯამში რვა თვე გამიცდა. ამიტომ ნაკრებში გამოუძახებლობა არ გამკვირვებია, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვარ და ვგრძნობ, რომ სანაკრებოდ ახლა მეტად ვარ მზად, ვიდრე სამი წლის წინ. თუ საჭირო ვიქნები, ნაკრებში სიამოვნებით ჩამოვალ და იმედიც მაქვს, რომ შანსი მომეცემა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ბერიძემ.

გიორგი 2015 წელს ბელგიურ „გენტში“ ჩაირიცხა, რომელმაც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იჯარით სამჯერ გაუშვა – სლოვაკურ „ტრენჩინში“ (2017–2018), უნგრულ „უიპეშტში“ (2018–2019) და ბელგიურ „ლოკერენში“ (2019-2020). გიორგი არ მალავს, რომ ბელგიაში ყოფნით კმაყოფილი არ იყო: „მე „გენტში“ აღარ დავბრუნდები, რადგან გუნდთან კონტრაქტი გავწყვიტე. ბევრი ფაქტორი იყო, რაც ცუდად მოქმედებდა და ბელგიაში დამკვიდრებაში ხელი შემიშალა. მათზე ლაპარაკიც შორს წაგვიყვანს. ამიტომ მოკლედ ვიტყვი – საერთოდ, საჩვენო ლიგა აშკარად არ არის და მიხარია, რომ თავი დავაღწიე“.

ბერიძემ ჯერ არ იცის, სეზონის ბოლოს „უიპეშტს“ დატოვებს თუ დარჩება: „ჩემი ახლანდელი გუნდი, „უიპეშტი“ კარგი გუნდია, მაგრამ უკეთესი წინადადება თუ გამოჩნდება, სიამოვნებით წავალ. მე ვიტყოდი, რომ ახლა არა კარგ სეზონს, არამედ, ნორმალურ სეზონს ვატარებ. პირადად მე უკეთეს ვისურვებდი. უკვე 11 გოლი გავიტანე, რაც ფლანგის შემტევისთვის კარგი შედეგია, მაგრამ სეზონის ბოლომდე კიდევ ათამდე მატჩია სათამაშო და მაქსიმალურად მეტი გოლი და საგოლე გადაცემა მინდა დავაგროვო, უფრო მეტი და ძლიერი კლუბი რომ დაინტერესდეს. საკმარისი არასოდეს არაფერია“.