გიორგი ბარამიძე სამადაშვილის პარტიიდან შესაძლო გარიცხვაზე – არ არის გამორიცხული, რომ საკითხი პოლიტიკურმა საბჭომ განიხილოს

16:14, 20.04.2021

იქიდან გამომდინარე, რომ სამადაშვილმა დემონსტრაციულად გადადგა ნაბიჯი, გაემიჯნა თავის გუნდს და გუნდის მითითებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, დაასწრო მოვლენებს, ჩვენი გუნდის გარეშე გადადგა ნაბიჯი, მივიდა იმ ე.წ. პრეზიდენტის ოფისში, გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან თავისი გადაწყვეტილება დააყენა წინა პლანზე, ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი და წევრი მოითხოვდა მისი პარტიიდან გარიცხვას, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

კითხვაზე: „დადგება თუ არა პოლიტსაბჭოზე სამადაშვილის გარიცხვის საკითხი“, ბარამიძე აცხადებს,  რომ გამორიცხული არ არის.

„არ არის გამორიცხული, ეს საკითხი დამდგარიყო პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე. ეს საკითხი აქტუალური თუ იქნება, ჩვენი მომხრეები და წევრები კვლავ დააყენებენ. არ არის გამორიცხული, რომ ეს პოლიტიკურმა საბჭომ განიხილოს, რადგან როდესაც ჩვენი მომხრეების და წევრების დიდი ნაწილი რაღაცას ითხოვს, პოლიტიკური საბჭო ღრუბლებში მჯდომი რაღაც ზეადამიანების თავყრილობა არ არის, ამ ადამიანებს წარმოადგენს პოლიტიკური საბჭო. შესაბამისად, რასაც ხალხი ითხოვს განსახილველად, საკითხი შეიძლება დადგეს. ეს არ ნიშნავს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წინასწარ არ ვიცით, უარყოფითი იქნება ან დადებითი, მაგრამ განსახილველად შესაძლოა, ეს საკითხი დამდგარიყო და დადგეს კიდევაც“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი