გიორგი ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ღირსი, რომ გიორგი ვაშაძე ასე ეთამაშოს
გიორგი ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ღირსი, რომ გიორგი ვაშაძე ასე ეთამაშოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი ბარამიძეს არ სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე თავად გიორგი ვაშაძემ არაფერი იცოდა.

როგორც გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ღირსი, რომ გიორგი ვაშაძე ასე ეთამაშოს მათ.

„რაც უნდა კულუარებში ადამიანებმა რაღაცები ხლართონ, უნდა ითქვას სიმართლე. რაც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, იყო წინასწარ შეთანხმებული გიორგი ვაშაძესთან. ჩვენ ასე გვჯერა და არ გვგონია, რომ თავი უნდა გავისულელოთ“,- აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თაკო ჩარკვიანის განცხადებამდეც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე დადიოდა ხალხში და ლაპარაკობდა, რომ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი იქნებოდა.

„მივედით შინაურულად და ვუთხარით, რომ ნუ იზამ, გიორგი ეგრე, ასე არ იქნება, მაგრამ მაინც გააკეთა. ამით ნდობა უფრო იკარგება“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ამასთან, როგორც ბარამიძემ განაცხადა, გიორგი ვაშაძემ თავის დროზე გუნდს არაერთხელ უღალატა.

„გიორგი ვაშაძე ჩვენგან გავიდა ყველაზე მძიმე მომენტში. ეს ჩვენი გუნდის ღალატია. ღალატია აბა, რა არის, როცა ღარიბაშვილი იძახის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რადარებიდან გავაქრობ, ივანიშვილს გაცხადებული აქვს პოლიტიკა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოვაშთო, გავანადგუროო და ამ ვითარებაში გავა გუნდიდან. კიდევ ერთი მაგალითი – რანაირად უნდა გამოგივიდეს ადამიანს, როდესაც პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს ქეჩოში ექაჩება და პანღურით აგდებს, იმის შტაბში იყო და კიდევ სხვა. ბოლო ამბავიც, როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არ იცოდა. სულელები ხომ არ ვართ. გიორგი არის ძალიან ნიჭიერი, ენერგიული ადამიანი, მაგრამ რომ იტყვიან, ზედმეტად ჩქარობს, არ არის ადეკვატური ახლა თანამდებობაზე საუბარი“,- განცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის მიმართ არ არის საკმარისი ნდობა.

„პარტნიორობისთვის ნდობა საკმარისია, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩვენი ლიდერი, ქვეყნის ლიდერი და პრემიერ მინისტრი გახდეს“,- აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.