გიორგი ბარამიძე - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ საქართველო კანაფის კულტივაციის ქვეყნად გადაიქცეს, ჩვენი კოალიცია საზოგადოების აზრს გამოხატავს
გიორგი ბარამიძე - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ საქართველო კანაფის კულტივაციის ქვეყნად გადაიქცეს, ჩვენი კოალიცია საზოგადოების აზრს გამოხატავს

ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ საქართველო კანაფის კულტივაციის ქვეყნად გადაიქცეს და ჩვენი კოალიცია საზოგადოების აზრს გამოხატავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ახლა უნდა შეგვეშინდეს ამის გაკეთება იმიტომ, რომ არჩევნებია და პოპულიზმი არ დაგვაბრალონ?! ჩვენთვის ეს გაუგებარია. ქართული საზოგადოება ამას მოითხოვს და ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალა, ვისაც პრეტენზია აქვს, უმრავლესობის აზრის გამომხატველი იყოს, იქიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს, თუ რა თემაა აქტუალური და რა უნდა ხალხს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან პრეკურსორების წარმოების მიზნით კანაფის ან სხვა მცენარის მოყვანა-დათესვა-წარმოება-შენახვა-გადაზიდვა-გასაღება კონსტიტუციის დონეზე უნდა აიკრძალოს.

„დიახ, ჩვენ ცხრა წელი გვქონდა, მაგრამ ასეთი აბსურდი აზრად არ მოგვსვლია, რომელიმე ჩვენგანის და მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის გამდიდრებისთვის, ვაზის ქვეყანა კანაფის ქვეყნად გადაგვექცია“, – ამ განცხადებით გიორგი ბარამიძემ დავით უსუფაშვილს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხრა წელი ჰქონდა იმისთვის, რათა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერები შეეტანა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, კოალიცია 200 000 ხელმოწერას რამდენიმე კვირაში შეაგროვებს და უმრავლესობას იძულებულს გახდის, ამ კანონპროექტის პირისპირ დადგნენ და კენჭი უყარონ.

„მაშინ ვნახოთ, როგორ არ მიიღებენ ამ კანონპროექტს. არ მიიღებენ და, ქართული საზოგადოებისგან შესაბამის პასუხსაც მიიღებენ. რა თქმა უნდა – მშვიდობიანს, კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, – განაცხადა ბარამიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ დაელოდნენ ისინი კონსულტაციებს, რადგან ამ დისკუსიის შემდეგ შესაძლოა, ხელისუფლებამ კანონპროექტის მიღება დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება კანონპროექტის გაწვევას ელოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა და ისინი ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დაელოდებიან.

„ჩვენ ვერ ავყვებით თამაშს – ერთი თვე, ორი თვე და ა.შ. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც საზოგადოების ძალიან კატეგორიული მოთხოვნიდან გამომდინარეობს. მრავალეთნიკური, მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქართული საზოგადოება რამე თემის გარშემო ასეთი ერთსულოვანი დიდი ხანია არ ყოფილა და არ მგონია, რომ კიდევ ორი თვე უნდა ველოდოთ იმის გარკვევას, რაც ხელისუფლებისთვის ისედაც კარგადაა გარკვეული“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.