გიორგი ბარამიძე - ევროკავშირის ჩართვა მწვავე კრიზისის გადაჭრაში იძლევა მყარ გარანტიებს, რომ ეს საკითხი არ იქნება მიფუჩეჩებული
გიორგი ბარამიძე - ევროკავშირის ჩართვა მწვავე კრიზისის გადაჭრაში იძლევა მყარ გარანტიებს, რომ ეს საკითხი არ იქნება მიფუჩეჩებული

პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩამოსვლამ გაამყარა ის მოთხოვნები, რაც გვქონდა. როგორც იცით, ორი პუნქტი დაემატა კიდევ, რაც შეეხება სასამართლოს და პრინციპში, გააძლიერა პოლიტპატიმრების მიმართულებით ჩვენი მოთხოვნები, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შეფასებისას.

„ნათელია, რომ განისაზღვრა დღის წესრიგი, რომელთან დაკავშირებითაც ჩამოსაყალიბებლად ამ რეჟიმს მიეცა ორი კვირა, ვიდრე ბრიუსელში შედგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე მორიგი შეხვედრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ზოგადად, არის ძალიან კარგი, რომ ქვეყანაში არსებული ამ მწვავე კრიზისის გადასაჭრელად ჩაერთო ევროკავშირი ასეთ მაღალ დონეზე. ეს იძლევა იმის საკმაოდ მყარ გარანტიებს, რომ ეს საკითხი არ იქნება ასე მიფუჩეჩებული და გვაქვს დიდი იმედი, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდება იმ შეთანხმებით, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რასაც ითხოვს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის 52 პროცენტი და მეტი, რომელმაც წინა არჩევნებზე უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენაზე.

ზოგადად პერსპექტივაში საუბარი იყო ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე, რომელსაც ჩვენ მივესალმებით და გვაქვს კიდევაც პროგრამაში მთელი ოპოზიციის მიერ წინა საარჩევნოდ 2020-ში არსებული პროგრამები. სწორედ ამას მოიცავდა, ეს იყო ჩვენი შეთანხმება, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციას ექნებოდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი როლი, ვიდრე აქვს დღევანდელი რეგლამენტით. მაგალითად, ოპოზიციას დაეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და სხვა მიმართულებითაც გაძლიერდება ოპოზიციის როლი, რასაც ბუნებრივია, მივესალმებით. თუ შეამჩნიეთ, პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საჯაროდ არ გააკეთა განცხადება ოპოზიციასთან მიმართებაში, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, რადგანაც ყველასათვის უკვე აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს თავყრილობა ნამდვილად არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და მისი გამომხატველი არ არის. ამიტომ აქ შესვლაზე საუბარიც ზედმეტია ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც წარმოადგენს იმ 52 პროცენტს, სულ მცირე, ვინც უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიაროთ ამ დღეების განმავლობაში, ორი კვირა არის იმისათვის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდეს მშვიდობიანად, ცივილიზებულად, როგორ მივდივართ, პოლიტპატიმრების გარეშე, ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს არის ერთადერთი ცივილიზებული გზა ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტავად, ყველა ქვეყანაში არა მარტო საქართველოს ეხება ეს“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, გიორგი ბარამიძის თქმით, ოპოზიცია უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ პოლიციის, სუს-ის, პროკურატურის რეფორმას გეგმავს.

„ჩვენი გეგმით, ოპოზიციას აქვს ასეთი გეგმა, როდესაც მოვალთ უმრავლესობით, ჩვენ ეს შეთანხმება გვაქვს როგორ ვაკეთებთ პოლიციის, სუს-ის, პროკურატურის რეფორმას. მათ შორის, ოპოზიციის მონაწილეობით, როგორ ვირჩევთ ამ სტრუქტურების წარმომადგენლებს და როგორ ხდება სასამართლოს რეფორმირება. აი, ეს არის ერთ-ერთ კომპონენტი იმ დიდი შეთანხმებისა, რაც აქვს ოპოზიციას, რომელიც მოდის ამ ამბიციური გეგმებით, რადგან კარგად ვიცით, თუ ქვეყანაში არ გვეყოლა ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არაკორუმპირებული და სხვა ხელისუფლების შტოებისგან დამოუკიდებელი სასამართლო, თუ არ გვეყოლა რეალურად დეპოლიტიზებული პოლიცია, სუს-ი და პროკურატურა, ამ ქვეყნის განვითარებას არ მიეცემა ის იმპულსი, რომელიც გვინდა, რომ მიეცეს, რათა სწრაფად ამოვიდეთ ამ სიღარიბისა და უიმედობის ჭაობიდან. ეს არის მთელი ოპოზიციური პარტიების შეთანხმების უმნიშვნელოვანესი პუნქტი. ეს არის ერთ-ერთი ის, რის გამოც ქართულმა საზოგადოებამ მისცა ხმა ახალ პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა ბარამიძემ.