გიორგი ბარამიძე - ჩემი აზრით, რასაც გვთავაზობენ, ამაზე დათანხმება არის შეურაცხყოფა ჩვენი პოზიციის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის და ასობით ათასი მხარდამჭერის
გიორგი ბარამიძე - ჩემი აზრით, რასაც გვთავაზობენ, ამაზე დათანხმება არის შეურაცხყოფა ჩვენი პოზიციის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის და ასობით ათასი მხარდამჭერის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის და მას ხელს არ მოაწერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს.

ბარამიძის თქმით, საქართველოს ბედის განმსაზღვრელი მხოლოდ ქართველი ხალხია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ – ოპოზიციაში. გიორგი ბარამიძის განმარტებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოთხოვნა და ამისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

„პოლიტიკური საბჭოს შეკრებამდე წინმსწრებად, ერთმნიშვნელოვნად ვერ გავაკეთებ განცხადებას, მაგრამ მჯერა, რომ არა. არა იმიტომ, რომ ვიღაც გაჯიქებულია, გაჯიუტებულია და ბავშვივით ფეხებს აფიჩინებს რაღაცაზე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით სწორედაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს. პარლმენტში ვიღაც რომ შევა, ზოგიერთი რომ იძახის, დავიღალეთ და აღარ შეგვიძლია ეს ამბავი, ვიღაც რომ 5 ათას ლარს მიიღებს ხელფასა, ვიღაც თანამდებობას, მერე ქვეყანაში ვითარება შეიცვლება? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ანტურაჟად შევა „ქართული ოცნების“ ოპოზიციად, თითქოს ყველაფერი კარგად არის და თითქოს ქართველი ხალხის 52 პროცენტმა არ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში უნდა იყოს და დანარჩენი პარტიები ხელისუფლებაში.

ამის საწინააღმდეგოს რომ გავაკეთებთ, რამე შეიცვლება და ის ადამიანები, ვინც დღეს ლაპარაკობენ, რომ დავიღალეთ, დავისვენოთ, შედით და ეს ამბავი დამთავრდეს, რა დამთავრდება? ქართველის ხალხის და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა გამოსწორდება ამ რეჟიმის ხელში, ამ ბანდიტების და ქურდების ხელში, რომლებიც 8 წელია, საქართველოს ეკონომიკას და ბიუჯეტს ძარცვავენ. არ ვაპირებთ, ამ თამაშში და მაიმუნობაში მონაწილეობა მივიღოთ. ეს სწორი გზა არ არის.

ჩვენს შორის მტყუანის და მართლის გამრკვევი არც ჩვენი ღრმად პატივცემული და ძვირფასი მეგობარი, არც ამერიკელები და არც ევროპელები არიან. ამ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია. მან უნდა განსაზღვროს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ – ოპოზიციაში. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, თუ ამისკენ გადაიდგმევა ნაბიჯები და გზა გაიხსნება, შესაბამისად, სხვა კომპრომისებზეც ჩვენ მზად ვიქნებით. რასაც გვთავაზობენ, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია. ამაზე დათანხმება არის შეურაცხყოფა ჩვენი თავის, ჩვენი პოზიციის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ასობით ათასი მხარდაჭერის“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი