გიორგი ბარამიძე - არავის არც ვემიჯნებით და არც ვუერთდებით, გერმანიის სუვერენული უფლებაა, ვის დანიშნავს ელჩად
გერმანიის სუვერენული უფლებაა, ვის დანიშნავს ელჩად და ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილებას, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომ „გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს და გერმანიამ ელჩი სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს“.
კითხვაზე, ემიჯნება თუ არა პარტია ნათელაშვილის განცხადებას, ბარამიძემ აღნიშნა:
„არ ვიზიარებთ ამ პათოსს. ჩვენ არ მიგვაჩნია ეს განცხადება სწორად. არავის არც ვემიჯნებით და არც ვუერთდებით. ჩვენ ვთვლით, რომ გერმანიის სუვერენული უფლებაა, ვის დანიშნავს ელჩად და ვის არა. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ „გერმანიის ელჩმა რამდენჯერმე, გარკვეულწილად დიპლომატიური შეცდომა დაუშვა“.