გიორგი ბარამიძე - არავინ არანაირ ძალადობას არ აპირებს
გიორგი ბარამიძე - არავინ არანაირ ძალადობას არ აპირებს

არავინ არანაირ ძალადობას არ აპირებს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი, რომ თუ ძალადობაზე გადავლენ, ხელიც უნდა შევუბრუნოთ, იმ კონტექსტში, როცა ხელისუფლება მუდმივად იმაზე აპელირებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, ძალადობისთვის, დესტაბილიზაციისა და პროვოკაციებისთვის ემზადება.

„ეს ის ჭიკაიძის სადარი აბსურდია, როდესაც ქოცხელისუფლება ხან საბურავებს ეძებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც შენობებში, არ ვიცი, სად და უკვე ცხრა წელიწადია, ერთი და იგივე სისულელეს ლაპარაკობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც გადატრიალებებს აწყობს და ასე შემდეგ, მაგრამ ამის არც ერთი ფაქტი არ დაუდია. ასე რომ, ამ ყავლგასულ ზღაპრებს და ხალხის შეშინებას ნამდვილად აღარანაირი გავლენა არ ექნება ჩვენი მოსახლეობის არც განწყობაზე და არც მის გადაწყვეტილებაზე 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, სადაც ეს რეჟიმი ძალიან მწარედ დამარცხდება“, – განაცხადა ბარამიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში ერთსულოვნება იმ საკითხზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ უნდა ჩამოვიდეს, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, საქართველოში იყოს ნორმალური ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში ჩამოსვლის უფლება არ აქვს.

„აბსოლუტურად ზნეობისგან დაცლილი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეს და მით უმეტეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უფლება არ აქვს, თავის ქვეყანაში იყოს. მით უმეტეს, იმ არჩევნების წინ, რომელიც უბრალო არჩევნები არ არის და არის ის რეფერენდუმი, რომელმაც ბედი უნდა გადაწყვიტოს ქვეყნისა, რომელიც რუსეთის გუბერნიად გადაქცევისკენ მიექანება“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეკითხვაზე, რა არის იმის გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჯერად მაინც ჩამოვა, რადგან წარსულში, ჩამოსვლის შესახებ მისი განცხადებები განცხადებებად დარჩა, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქამდე კონკრეტული თარიღი არ უთქვამს, ახლა კი კონკრეტული თარიღი დაასახელა.

„უბრალოდ, აბსტრაქტულად კი არ თქვა, მინდა, ჩამოვიდეო, არამედ თქვა, რომ მინდა, ჩამოვიდე და ჩამოვალ არჩევნებამდე. აგერ, რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, 2 ოქტომბრამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.