გიორგი ბარამიძე - გინდათ, კრიზისი დაარქვით, გნებავთ, დემოკრატიული, ევროპული ყაიდის პოლიტიკური პროცესი, აქედან „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვა გაძლიერებული ახალი მანდატით 
გიორგი ბარამიძე - გინდათ, კრიზისი დაარქვით, გნებავთ, დემოკრატიული, ევროპული ყაიდის პოლიტიკური პროცესი, აქედან „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვა გაძლიერებული ახალი მანდატით 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა მნიშვნელოვანი პროცესია და ხდება საჯარო დემონსტრირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ყაიდის პარტიაა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ყველა კანდიდატურა ღირსეულია და ფიქრობს, რომ სხვა კანდიდატურებიც დასახელდებიან.

„მიმაჩნია, მნიშვნელოვანი პროცესია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მორიგ ჯერზე ვახდენთ საჯარო დემონსტრირებას, რომ ევროპული ყაიდის პარტიაა, სადაც კულუარებში არ წყდება საკითხები, ერთი და ორი ადამიანი არ წყვეტს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც აღელვებს ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს.

თავის დროზე ჩვენ დავიწყეთ ინოვაციები, იგივე პრაიმერიზი საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად, კიდევ ორი წლის წინ თავმჯდომარის არჩევა, არა მაღალი წარმომადგენლობითი ყრილობის მიერ, არამედ ბევრად ფართოდ, ჩვენი მხარდამჭერებისა და წევრების მაქსიმალური მონაწილეობით. ამაყი ვარ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. ესაა მნიშვნელოვანი და არა ის, რომ აზრთა სხვადასხვაობაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“, სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში, ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, სჯა-ბაასი, კამათი, ზოგჯერ ცხარე, ოღონდ გვქონდა პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების წინაშე უნდა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა კანდიდატურა არის ღირსეული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეტად ცნობილია, ვინ – ნაკლებად. ალბათ სხვებიც დასახელდებიან. ყველა ჩემი მეგობარია, თანამებრძოლები არიან“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამასთან, როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, შიდაპარტიული არჩევნების დროს სამი მთავარი პრინციპი უნდა იყოს დაცული.

„პარტიულ ჩატში დავწერე და ახლაც ვიტყვი, რომ ამ არჩევნების დროს სამი მთავარი პრინციპი უნდა იყოს დაცული. პირველი, ისეთი წესი უნდა გვქონდეს, რომ არჩევნებს როდესაც ჩავატარებთ, ჩვენს საღად მოაზროვნე წევრს, არც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი სამართლიანობაზე. ანუ კარგი, გამჭვირვალე წესი; მეორე, ბუნებრივია, საარჩევნო კამპანია ექნებათ კანდიდატებს, რომლებიც მოსაზრებებს იტყვიან განვლილ გზაზე, მომავალზე და თითოეულს ჩამოუყალიბდება აზრი. შიდაკამპანია უნდა ჩატარდეს პატივისცემით, მეგობრულ ატმოსფეროში და პასუხისმგებლობით, როგორც პროდასავლურ პარტიას ეკადრება;

მესამე, ჩვენმა მეგობრებმა დიდი ნაწილი უნდა დაუთმონ საუბარს, რომ დამარცხებული არ იქნება შეურაცხყოფილი, არამედ ხელს ჩამოართმევს გამარჯვებულს და ყველა მოვნახავთ ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში“. უამრავი საქმეა, მიხეილ სააკაშვილია გასათავისუფლებელი, ნიკა გვარამია, საქართველოა გასათავისუფლებელი მოღალატეობრივი რუსული რეჟიმისგან. გამარჯვებული ჩამოართმევს ხელს დამარცხებულს და ყველა გუნდურად, მეგობრულად გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს სამი პრინციპი უნდა იყოს საფუძველი.

მჯერა, კოლეგები ამას გაიზიარებენ. შესაბამისად, მჯერა გონიერების, რაციონალურობის და პატრიოტიზმის. თუ გინდათ, ამას კრიზისი დაარქვით, გნებავთ, დემოკრატიული, ევროპული ყაიდის პოლიტიკური პროცესი. აქედან „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვა გაძლიერებული ახალი მანდატით. მთლიანად პარტია და ლიდერი იქნება სერიოზული მანდატით აღჭურვილი, რათა მომავალში შევასრულოთ ამოცანები, რომლებიც უკვე მოგახსენეთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

„მე არ ვაპირებ ჩემს კანდიდატურას. ბორინკას მიხედოს „ოცნებამ“. ცვლილებების მომხრეა ყველა, მათ შორის ნიკა მელია. ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება მანდატის განახლება საზოგადოებისგან. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის პარტია, სადაც მარტო ორი-სამი კაცი იღებს გადაწყვეტილებას, სადაც ვიღაცები რაღაცებს ინაწილებენ და მეორე პლანზეა ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ერის ინტერესები. მანდატი პარტიამ ხელახლა უნდა მიიღოს და ყველამ ამ სულისკვეთებით მიიღოს მონაწილეობა. კანდიდატებზე მაქვს დადებითი აზრი. ყველას აქვს პლუსი და მინუსი, გააჩნია, ვინ, როგორ მოიქცევა“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.