გიორგი ბადრიძე – ბრიტანეთში ჩემი მუშაობის დროს საქართველოს საელჩოს თავის თავზე გამოუცდია რუსული აგენტურის საქმიანობა

19:55, 14.03.2018

ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თავის თავზე გამოუცდია რუსული აგენტურის საქმიანობა, – ამის შესახებ პირველ არხთან დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომსა და შემდგომ პერიოდზე.

„პირადად საქართველოს საელჩოს გამოუცდია თავის თავზე რუსული აგენტურის საქმიანობა ჩემი იქ მუშაობის დროს. ეს ეხებოდა აგვისტოს ომის პერიოდს და შემდგომ პერიოდსაც, როდესაც სხვადასხვა ელექტრონული დაზვერვით, ან ზოგჯერ ფიზიკური ქმედებებით ისინი ცდილობდნენ შეეფერხებინათ საქართველოს საელჩოს საქმიანობა, აგვისტოს ომის დროს და უშუალოდ მის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

მისი თქმით, ამის შესახებ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ინფორმირებული იყვნენ და გარკვეული რეაქციაც იყო. ბადრიძე სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

ამასთან, მისი შეფასებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილება, რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დაგვიანებულია, რადგან ბადრიძის თქმით, ბრიტანეთი ერთგვარ სათარეშო არენად იქცა რუსული სპეცსამსახურებისთვის.

„დღეს უკვე რუსული მტრული საქმიანობა ბრიტანეთის ტერიტორიაზე პიკს აღწევს. არ იყო დასრულებული საუბარი ერთი ლტოლვილის მკვლელობის მცდელობაზე, როდესაც დაემატა გლუშკოვის სიკვდილი, რომელიც დიდი ალბათობით, ასევე, არის დაკავშირებული რუსეთთან. აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო, ბრიტანეთს უფრო ადრეც უნდა გაეცა მკვეთრი პასუხი რუსეთისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები ბრიტანეთის მთავრობას უკვე არანაირი მანევრის საშუალებას აღარ უტოვებდა“, – განაცხადა ბადრიძემ.

მისი შეფასებით, პასუხი სრულიად ადეკვატურია, თუმცა, ადრე გადადგმული უფრო სერიოზული ნაბიჯები შესაძლოა, საკმარისი ყოფილიყო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლონდონი წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან. ტერეზა მეის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.

მსგავსი