გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა

საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა. კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და თამარ მახარაშვილი მიესალმნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, საქართველოს ისტორიისა და ქართველი გმირების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე გრიგოლ გიორგაძემ კოლეგას სამახსოვრო დაფა გადასცა, რომელშიც ყველა როტაციის განმავლობაში ბანაკში აღმართული საქართველოს სახელმწიფო და „ჯარის ბანაკის“ დროშები იყო მოთავსებული. ბავშვებმა კი სერტიფიკატები, ჟეტონები და სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს. ადგილზე გამოფენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც, რომლებზეც ეროვნული გმირები, ქართული ჯარის ღირებულებები და „ჯარის ბანაკში“ მიღებული ემოციები იყო გადმოცემული.

„ჯარის ბანაკი“ 25 ივნისს დაიწყო. რვა როტაციის ფარგლებში ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

„ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია და ის თავდაცვის უწყებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელა. მისი აღსრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ უზრუნველყო.