გიორგი ამილახვარმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
გიორგი ამილახვარმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, რობინ დანიგანს უმასპინძლა, მას თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩთან საუბრისას მინისტრმა დეტალურად განიხილა განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები, რომლებიც აშშ-ის საელჩოსთან და USAID-თან თანამშრომლობით ამ ეტაპზე ხორციელდება.

„შეხვედრის მონაწილეებმა პროექტების მიზნებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაფასეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ამერიკის მხარესთან პარტნიორობით ხორციელდება, სრულ თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებთან და მიმდინარე რეფორმებთან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და აშშ-ის უნივერსიტეტების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ამერიკის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოების მიზნით, აშშ-ის საელჩო მომავალი წლისთვის აორგანიზებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრის დასასრულს რობინ დანიგანმა მაღალი შეფასება მისცა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.