გიორგი ამილახვარი - ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია პირველ ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევა, წელს მივიდეს სკოლებში
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პლენარულ სხდომაზე განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში მიმდინარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელიც განათლების კომიტეტმა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. ცვლილების შედეგად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განისაზღვრა ექვსი წელი.
„რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება პირველ ოქტომბრამდე. მოქმედი წესით, ნაცვლად 15 სექტემბრისა, ყველა ბავშვს ვინ დაბადებულია პირველ ოქტომბრამდე შესაძლებლობა ეძლევა, წელს მივიდეს სკოლებში. აღნიშული ცვლილებით, შესაძლებლობა ექნება, 2 500 პირმა მიმართოს სკოლას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, განათლების კომიტეტი ორ თემატურ მოკვლევაზე იწყებს მუშაობს.
„განათლების და მეცნიერების კომიტეტი ორ მნიშვნელოვან საკითხებზე იწყებს თემატურ მოკვლევას. ერთი სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას ეხება, ხოლო მეორე, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
პირველი მოკვლევის ფარგლებში შევისწავლით სახელმძღვანელოთა გრიფირების პრაქტიკას და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე და სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა საბაკალავრო პროგრამებში ე.წ. მასწავლებლების მომზადების მაინორ პროგრამების დანერგვის შესახებ.
„აღნიშული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის განმავლობაში აირჩიონ და გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.