გიორგი ამილახვარი - კანონით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი, შესაბამისად, დავალიანება გაუნულდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი
გიორგი ამილახვარი - კანონით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი, შესაბამისად, დავალიანება გაუნულდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი

დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი.

„კანონის შესაბამისად, სტატუსის შეჩერების ვადა არის ხუთი წელი. სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეროვნული გამოცდებით ხელახლა უწევს ამისი მოპოვება. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი, მათ შეეხებათ გადაწყვეტილება, რადგან შეწყვეტილზე აზრი აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებს უფლება აქვთ, სწავლა დაიწყონ და სტატუსი აღიდგინონ მაშინ, ვიდრე ექნებათ ვადა, სტატუსშეჩერებული სტატუსი ჰქონდეთ.

„ვალს გავუნულებთ ყველა ბოლო ხუთი წლის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სტატუსს როდის აღიდგენენ. წლევანდელ სასწავლო წელსვე თუ ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი, განულებული ექნებათ და კანონით ვიდრე ექნებათ ვადა, მაშინ აღიდგენენ სტატუსს – იქნება ეს მომავალ წელს თუ იმის შემდეგ წელს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, კითხვაზე – „როგორ მოხდება დავალიანების დაფარვა კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო უნივერსიტეტებში გადასახადი უფრო მაღალია, დაფარავს თუ არა ამასაც სახელმწიფო“, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ სწავლის საფასურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ გადასახადების რაოდენობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ დაგროვებულ დავალიანებაზე. იქნება რიგი პროცედურული საკითხები, მათ შორის ფინანსური, რომლებთან დაკავშირებითაც უნივერსიტეტებთან იქნება სამსჯელო, რასაც დღეიდან ვიწყებთ. სწავლის საფასურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია იმ დავალიანების განულებაზე, რომელიც მაქსიმუმ ხუთი წლის სტატუსშეჩერებულ ადამიანს ექნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ.