გიორგი ამილახვარი - იწყება მასწავლებლებთან გასაუბრებები, რაც გამოაჩენს მიმართულებებს, რომლებიც უნდა განვავითაროთ და რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ გადახედვას საჭიროებდეს
თითქმის ყოველ კვირაში დაახლოებით ორასამდე მასწავლებელს ვხვდები, პირადად ვისმენ მათ მოსაზრებებს და ვუზიარებ ჩემს ხედვებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„როცა მე მინისტრად დავინიშნე, უკვე მიმდინარეობდა ე.წ სტატუსის ამაღლების პროცესი, რაც ახლაც მიდის სისტემაში. დამხვდა საკმაოდ შემჭიდროებული ვადები და ბევრი, ასე ვთქვათ, ჩივილი მასწავლებელთა მხრიდან, რომ ვერ ეტეოდნენ დაწესებულ ვადებში, რათა შემოეტანათ აპლიკაციები. მათთან კომუნიკაციით მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ვადები გავახანგრძლივეთ; დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მათ ევალებოდათ, საკმაოდ შრომატევადი იყო და რიგ შემთხვევებში მათ სასწავლო პროცესისგან მოწყვეტა უწევდათ, რომ ეს, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიული საკითხები მოეგვარებინათ. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს რადიკალურად შევუმცირეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათგან უკუკავშირისგან მივიღეთ“, – განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ მასწავლებლებს პროფესიაში ჰქონდეთ ღირსეული აღიარება, ამ პროფესიის პრესტიჟი, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სწორი, სამართლიანი სახელფასო პოლიტიკით და კარიერული ზრდის სქემით, რომელსაც სისტემა ახლა პირველად გადის.
„ჩვენ გვინდა, დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. იწყება გასაუბრებების ეტაპი და ვფიქრობ, სწორედ ცოცხალი პროცესი გამოაჩენს ყველაზე ნათლად იმ მიმართულებებს, რომლებიც კარგია, უნდა განვავითაროთ და იმ მიმართულებებს, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულ გადახედვას საჭიროებდეს. მასწავლებლებთან დაკავშირებით ვართ ამ პროცესში. ზეგაც მაქვს მათთან შეხვედრა და შემდგომ ვიწყებ უკვე რეგიონებში გასვლას. ჯერ თბილისში თითქმის ყველა სკოლის წარმომადგენლებთან ვცადეთ შეხვედრა, რომ არცერთი სკოლა არ დარჩენილიყო და უკვე იქითა კვირიდან გავდივართ რეგიონებში, სადაც პირველი ქუთაისი იქნება“, – განაცხადა ამილახვარმა.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი არ გაჩერდება, ის არ შეეხება მხოლოდ მასწავლებლებს, შეეხება უნივერსიტეტებს, სტუდენტებს, პროფესორებს და ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღება.
გიორგი ამილახვარმა ასევე განაცხადა, რომ ცენტრალიზებული მმართველობიდან სკოლებს ნელ-ნელა უნდა მიენიჭოს ავტონომიურობის მაღალი რესურსი.
„რაც მთავარია, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე უნდა დავეხმაროთ, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ბუნებრივია, დარჩება გარკვეული საკითხები, იგივე სახელმძღვანელოები და გრიფირებასთან დაკავშირებული საკითხი, მასწავლებელთა კარიერული სქემის საკითხი, სასწავლო გეგმა და სხვა, რაც, რა თქმა უნდა, ცენტრალური პოლიტიკის დონეზე სამინისტროს მნიშვნელოვანი ფუნქცია არის და იქნება, თუმცა ლოკალურ სკოლას რა სჭირდება, ყველაზე კარგად ეს იცის სასკოლო საზოგადოებამ“, – განაცხადა ამილახვარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შედეგის მიღებას გეგმავს ამ ნაბიჯით სამინისტრო, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ მიზანია მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრება.
განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ, სასკოლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, არის პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო ინიციატივა, მილიარდლარიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.
„ამის გარდა, დაახლოებით, 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმა-პროექტი არსებობს ჩვენი დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით და, ჯამში, სამ-ოთხწლიან ჭრილში თითქმის ყველა საჯარო სკოლაში მივიღებთ საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.