გიორგი აბურჯანია - რომ გაგვმართლებოდა, ამ შეხვედრებში ოთხი, ან მეტი ქულა უნდა აგვეღო #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - რომ გაგვმართლებოდა, ამ შეხვედრებში ოთხი, ან მეტი ქულა უნდა აგვეღო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ სალონიკის „ტუმბა-არენაზე“ საბერძნეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის ჯგუფური შეხვედრა შეაფასა, რომელშიც „ჯვაროსნებმა“ პირველი ქულა მოიპოვეს (1:1).

„ურთულესი კალენდარი გვქონდა. სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება. პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო,“ – ამბობს გიორგი აბურჯანია.

ესპანური „კარტახენას“ 25 წლის ნახევარმცველის აზრით, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში მეტ ქულას იმსახურებდა:

„ვფიქრობ, უფრო მეტად რომ გაგვმართლებოდა, ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან (0:1) და ესპანეთთან (1:2) წააგო, საბერძნეთთან კი ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა. გიორგი აბურჯანიამ შვედეთთან და საბერძნეთთან შეხვედრები ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.