გიორგი აბუაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოდგომაზე გულშემატკივრები გავახაროთ #1TVSPORT
გიორგი აბუაშვილმა ყაზახეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა – ფოთის „კოლხეთისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც ამ შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე იყო, იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე გუნდი გულშემატკივრებს გაახარებს.
„ყაზახეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან კარგი ტესტმატჩი გამოვიდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის მოვემზადოთ, სადაც ყველა თამაშის მოგება იქნება საჭირო, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ.
მადლობას ვუხდი ბიჭებს და ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოდგომის თამაშებზე ისინი გავახაროთ“, – განაცხადა აბუაშვილმა.
შემოდგომაზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასა და ნიდერლანდებთან უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა და მესამეადგილოსან შვედეთს სამი ქულით ასწრებს.