გიორგი აბუაშვილი – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია #1TVSPORT
გიორგი აბუაშვილი – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი აბუაშვილმა საფრანგეთთან 2:3 წაგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ჯვაროსნები“ დამარცხებას არ იმსახურებდნენ. ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ საბა საზონოვს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

„ძალიან დასანანი მარცხი იყო და ვფიქრობ, ასეთი ფინალი არ გვეკუთვნოდა. თუმცა ბიჭებს დიდი მადლობა უნდა გადავუხადო თავდადებისთვის – ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეგო.

ანგარიშზე 2:1 მატჩი დასრულებული გვეგონა, მაგრამ ფეხბურთია და ასეთებიც ხდება. პროფესიონალები სწორედ იმიტომ ვართ, რომ ასეთი მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მთელი ყურადღება პორტუგალიასთან ბოლო ტურის შეხვედრაზე გადავიტანოთ.

შეგვიძლია, ჯგუფიდან გავიდეთ. ამ გუნდის ძალა საფრანგეთთან მატჩშიც გამოჩნდა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს ამოცანა შევასრულოთ.

რაც შეეხება მწვრთნელის დავალებას, კონკრეტული მითითება არ მიმიღია, მაგრამ როცა მოედანზეა, გარემარბის ამოცანაა, სხვაობა და მომენტები შექმნას“, – განაცხადა აბუაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. რამაზ სვანაძის გუნდი პორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 17 ივნისს გამართავს.