გიორგი აბაშიშვილი - ოკუპანტებთან ურთიერთობა მარტივი არაა, თუმცა ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენება დროულად მოხდეს
გიორგი აბაშიშვილი - ოკუპანტებთან ურთიერთობა მარტივი არაა, თუმცა ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენება დროულად მოხდეს

ყველა სახელმწიფო უწყება ყველა დონეზე მუშაობს, რომ დროულად მოხდეს გარდაცვლილის, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და ორმა ადამიანმა, ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთონ, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხის სწრაფად მოგვარებისთვის არც ერთი ადამიანი ძალისხმევას არ იშურებს.

„არც ერთი წუთით, არც ერთი ადამიანი არ იშურებს არანაირ ძალისხმევას, რომ საკითხი უსწრაფესად მოგვარდეს. არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა, თუმცა აბსოლუტურად ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდეს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.