გიგი წერეთელი - ვიმედოვნებ, შეთანხმების ხელმოწერა საბოლოოდ დაიცავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის სიცოცხლეს
გიგი წერეთელი - ვიმედოვნებ, შეთანხმების ხელმოწერა საბოლოოდ დაიცავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის სიცოცხლეს

მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ერთობლივი განცხადების ხელმოწერას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ეხმაურება.

„ვიმედოვნებ, რომ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში ომის შეჩერებას ითვალისწინებს, საბოლოოდ დაიცავს კონფლიქტის ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბოლო კვირების განმავლობაში ამდენი ადამიანის გარდაცვალების გამო და როცა იარაღი დადუმდება, მოვუწოდებ მხარეებს, დაყოვნების გარეშე მოხდეს სამხედრო ტყვეების, დაკავებულებისა და გარდაცვლილი მებრძოლების ცხედრების გაცვლა. ხანგრძლივი მშვიდობისკენ გზა ზოგჯერ ომზე რთულია.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაადასტურონ თავიანთი ერთგულება კეთილსინდისიერი, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისადმი, დაუშვან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნება, მიაღწიონ ამ კონფლიქტის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას და საბოლოოდ ააშენონ მომავალი ერთად“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიგი წერეთელი ასევე გამოეხმაურა სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილო დემონსტრანტები პარლამენტის შენობასა და მთავრობის სახლში შეიჭრნენ და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს დაესხნენ თავს.

„მე აღშფოთებული ვარ გასული ღამის მოვლენების დროს ზოგიერთი დემონსტრანტის მხრიდან ძალადობით და მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ მირზოიანის წინააღმდეგ თავდასხმას. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის მტკივნეული და ემოციური დღე სომეხი ხალხისთვის, თუმცა მე მოვუწოდებ მათ შეინარჩუნონ რწმენა თავიანთი დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისადმი“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.