გიგი წერეთელი - საქართველოში არსებული ვითარება აიძულებს ეუთო-ს, იმსჯელოს საკითხებზე, რომლებიც უხეშად ირღვევა ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, დარწმუნებული ვარ, დებატები ძალიან მწვავე იქნება
დღეს საქართველოში არსებული ვითარება აიძულებს ეუთო-ს, რომ იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც უხეშად ირღვევა ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა ვენაში, სადაც პარტიის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ დებატები მწვავე იქნება.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება და ეს ვალდებულებები, პირველ რიგში, არის დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ადამიანის უფლებების დაცვა. შესაბამისად, დღეს საქართველოში არსებული ვითარება აიძულებს ეუთო-ს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, მწვავე იქნება დებატები, რათა შეიცვალოს ვითარება საქართველოში და საზოგადოებამ, ვინც პროტესტს გამოხატავს, დაინახოს გზა მომავალში. პირველ რიგში, ეს არის ახალი არჩევნები, ახალი დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.