გიგი წერეთელი - რუსეთი აგრესიულად აგრძელებს საქართველოსთვის ხელის შეშლას, რომ მას თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს, როგორ და ვისთან ალიანსში განვითარდეს დემოკრატიულად
გიგი წერეთელი - რუსეთი აგრესიულად აგრძელებს საქართველოსთვის ხელის შეშლას, რომ მას თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს, როგორ და ვისთან ალიანსში განვითარდეს დემოკრატიულად

რუსეთი აგრესიულად აგრძელებს თავისი სტრატეგიის განხორციელებას და საქართველოსთვის ხელის შეშლას, რომ მას თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს, როგორ და ვისთან ალიანსში განვითარდეს დემოკრატიულად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს რაუნდიც ისევე დასრულდა, როგორც ბევრი სხვა.

„ჟენევის მოლაპარაკების ეს რაუნდი ისევე დასრულდა, როგორც ბევრი სხვა რაუნდი; რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ დაბლოკოს მთავარი საკითხები: ძალის გამოუყენებლობა, დევნილების დაბრუნება, ვითარება, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მართალია, საქართველოს მხარემ, როგორც ვიცით, დააყენა ბევრი საკითხი, მაგრამ ამას პასუხი არ აქვს და ეს არის სწორედ ის მოდუსი, რომელიც აქვს რუსეთს, დაბლოკოს ყველა ამგვარი ინიციატივა და ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები საჭირო ფორმატია, როცა ჩვენ მათ ველაპარაკებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით და მათთან ერთად, მაგრამ არაეფექტურობასაც, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ძალიან ნეგატიური შედეგი. რაც შეეხება მთლიანობაში რუსეთის პოზიციებს, ბოლოს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის თაობაზე და რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ არაფერი ახალი არ არის. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთი აგრესიულად აგრძელებს თავისი სტრატეგიის განხორციელებას და საქართველოსთვის ხელის შეშლას, რომ მას, მის საზოგადოებას, მის ხალხს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს, როგორ და ვისთან ალიანსში განვითარდეს დემოკრატიულად.

ამ მოლაპარაკების დამატებითი სიახლე და საქართველოს პოზიციის გამაგრება იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე გაერო-ში გადაწყვეტილება იყო სულ ახლახან ადამიანის უფლებათა შესახებ. მიუხედავად ამისა, მიუხედავად თუნდაც აქტიური პოზიციებისა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ უფრო მეტი პრინციპულობა საჭირო მეტი ბრძოლა. ყველა ტრიბუნაზე უნდა იყოს ეს და არა მარტო ჟენევაში, მაგრამ თუ არ იქნა მეორე მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ეს პროცესი რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება ასეთ ჩიხურ სიტუაციაში და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს რუსეთშიც იქნება ის ცვლილებები, რომელიც მოიტანს გარკვეულ შედეგებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.