გიგი წერეთელი - მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგრამ სასურველია, განცხადებებთან ერთად, მათი მხრიდან გადაიდგას აქტიური ნაბიჯები
გიგი წერეთელი - მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგრამ სასურველია, განცხადებებთან ერთად, მათი მხრიდან გადაიდგას აქტიური ნაბიჯები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ სასურველია, განცხადებებთან ერთად, შემდგომში მათი მხრიდან გადაიდგას აქტიური ნაბიჯები საქართველოში არსებული ვითარების შესაცვლელად, – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღების შესახებ.

„ეუთო-ს მინისტერიალი არის ამ ორგანიზაციის მთავარი მოვლენა და ამ დროს ჯამდება ის ვითარება, რაც წლის განმავლობაში ეუთო-ს რეგიონშია. კარგია, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა. მეგობრობის ჯგუფის განცხადებაში, სხვადასხვა გამოსვლებში იყო გამოხატული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა და რუსეთის მიმართ მკვეთრი მოწოდება, რომ მისი ნაკისრი ვალდებულებები იყოს შესრულებული. კიდევ უფრო მეტიც, რომ მან ბუნებრივია, უნდა შეაჩეროს ოკუპაცია, მოახდინოს ჯარების გაყვანა, შეჩერდეს უკანონო ანექსია. ძალიან მკაფიოდ ითქვა, ასევე ადმინისტრაციულ ხაზზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული ადამიანების შესახებ, დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე და ბევრ სხვა მომენტზე, რომელიც თან სდევს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან – ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს. აქ შედიოდა ჟენევის დისკუსიების დაბლოკვის საკითხიც და სხვა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, საერთოდ, ეუთო-ში პრობლემურია არა რეზოლუციების მიღება იმდენად, მოწოდებები და განცხადებები, არამედ – შესრულება.

„ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში საქართველოს ჰქონდეს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული მხარდაჭერა, რადგან ეს არის სწორედ ის დიპლომატიური ბრძოლა, რომელიც ამჯერად იმართება და უკვე კარგა ხანია, მაგრამ სასურველია, რომ განცხადებებთან ერთად, შემდგომში იყოს აქტიური ნაბიჯები გადადგმული სწორედ ცალკეული ქვეყნების ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მოხდეს გაცილებით უფრო მეტი ზეწოლა ქმედითი დახმარება, რომ საქართველოში არსებული ვითარება შეიცვალოს.

საერთოდ, ეუთო-ში პრობლემურია არა რეზოლუციები იმდენად, მოწოდებები და განცხადებები, არამედ – შესრულება. ამასთან დაკავშირებით იყო ბევრი კრიტიკული მოსაზრება, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. აღსანიშნავია, რომ ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება ეუთო-ს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, ახალი ადამიანი უხელმძღვანელებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მიმართ ყურადღება კიდევ უფრო მეტი იქნება აი ამ პერიოდში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.