გიგი წერეთელი – ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს დანაშაული, როცა საუბარია ოკუპანტი ქვეყნიდან წამოსულ გარკვეულ მოქმედებებზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ზემოქმედებაც
ის, რაც უკავშირდებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებულ ადამიანს, თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია და მეტყველებს დაუცველობაზე, ასევე იმაზე, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ძალიან მაღალია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
წერეთელმა კომენტარი გააკეთა რამზან კადიროვის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს: „ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაიჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ“.
გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ კადიროვის განცხადებაში ახალი მუქარები ისმის.
„მოვლენა, რომელიც უკავშირდებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებულ ადამიანს, თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია და მეტყველებს დაუცველობაზე, ასევე იმაზე, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ძალიან მაღალია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ პრაქტიკულად დასტურდება იმ განცხადებებით, რაც გააკეთა ჩეჩნეთის ლიდერმა, რაღაც ახალი მუქარებით და ასე შემდეგ. ძალიან ბუნებრივია, რომ ამას უნდა მოყვეს სერიოზული რეაქცია, მათ შორის უნდა იყოს ძალიან სერიოზული საერთაშორისო რეზონანსიც ამ საკითხზე, რადგან ეს არის არათუ ჩარევა ქვეყნის საქმეში და ახლა, ბუნებრივია, რუსეთისგან ეს არავის უკვირს, არამედ არის კონკრეტული მიზანი – ადამიანის მკვლელობა. ბუნებრივია, შემდეგ დესტაბილიზაციის გამოწვევა და ა.შ.
ეს არის მძიმე ფაქტი და ისე, როგორც წინა შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობა იყო ძალიან აქტიური, როცა ეხებოდა სკრიპალს, როცა ეხებოდა სხვა თემებს. იქ ხანგოშვილის საკითხი იყო თუ სხვა მსგავსი ტიპის დანაშაული, რა თქმა უნდა, აქაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და შესაბამისი სტრუქტურები ძალიან აქტიურად უნდა ჩაებან იმაში, რომ საქართველოს მიმართ ამგვარი ქმედებები არ განხორციელდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა, რომელმაც ხელისუფლების მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთასა და საერთაშორისო პარტნიორების ზემოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ერთი, რაც ნებისმიერმა ხელისუფლებამ, საქართველო იქნება თუ სხვა, უნდა გააკეთოს, ეს არის, რომ უნდა აღკვეთოს ამგვარი ტიპის დანაშაული, მოხდეს ამის პრევენცია და მეორეც – ბუნებრივია, ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ოკუპანტ ქვეყანაზეა საუბარი და იქიდან წამოსულ გარკვეულ მოქმედებებზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ზემოქმედება. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი და ინსტრუმენტი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.