გიგი წერეთელი - ირაკლი კობახიძის გადადგომა არ არის პასუხი იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა გუშინდელი ღამის შემდეგ
გიგი წერეთელი - ირაკლი კობახიძის გადადგომა არ არის პასუხი იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა გუშინდელი ღამის შემდეგ

ეს გადადგომა არ არის პასუხი იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა გუშინდელი ღამის შემდეგ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს დააკონკრეტებს.

„ფაქტია, როდესაც ასეთი მძიმე რამ ხდება, უნდა მოყვეს პასუხისმგებლობა. ეს გადადგომა არ არის პასუხი იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა გუშინდელი ღამის შემდეგ. უამრავი ადამიანი არის დასახიჩრებული და ვფიქრობ, სხვა გადაწყვეტილებებიც მისაღებია, გამოძიებაც ჩასატარებელია. მგონი, ეს დაგვიანებულიც იქნება, რადგან ამ გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამოწურა ნდობის და გარკვეული ძალაუფლების გამოყენების სრული კრედიტი. არაპროპორციული, არასწორი და ყოვლად მიუღებელი გადაწყვეტილება იყო ასეთი სისასტიკით გასწორებოდნენ მშვიდობიან ადამიანებს.

ოპოზიციის მოთხოვნები იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან, შს მინისტრთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან და ასევე პროპორციული არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს, რათა მდგომარეობა შეიცვალოს. დღეს 19:00 საათზე იქნება აქცია და დაკონკრეტდება მოთხოვნები”, – განაცხადა წერეთელმა.