გიგი წერეთელი - ეუთო არ უნდა შეეგუოს, რომ საქართველოში ოკუპაცია, ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს
გიგი წერეთელი - ეუთო არ უნდა შეეგუოს, რომ საქართველოში ოკუპაცია, ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც ორგანიზაციის ექსპრეზიდენტი, წერეთელი თავის გამოსვლაში შეეხო პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობასა და აქტივობებს, იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც საპარლამენტო ასამბლეას აკისრია, დღეს არსებულ გამოწვევებს და განსახორციელებელ რეფორმებს.

„ჩვენ კვლავ სერიოზული სირთულეებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეუთო-ს ყველა განზომილებაში, COVID პანდემიით გამოწვეული და არა მხოლოდ.

ვხედავთ დემოკრატიული უკუსვლის, მანიპულირებული არჩევნების, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობებს, ავტოკრატიული და კლეპტოკრატიული მთავრობების ტენდენციებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, კონფლიქტებსა და ძალადობრივ შეტაკებებს, შეუსრულებელ ვალდებულებებს და კვლავ ნაკლებობას პოლიტიკური ნების პოზიტიური თანამშრომლობისთვის.

სიღარიბე და კლიმატის ცვლილებები კვლავ მწვავე საკითხებად რჩება ეუთო-ს რეგიონში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ასამბლეა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთის სამხედრო შენაერთები საზღვრებზეა განლაგებული და სხვა მავნე მოქმედებები გრძელდება.

„ასევე საქართველოში, სადაც ოკუპაცია, ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს. მოქალაქეებს სისტემატურად იტაცებენ და აპატიმრებენ ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევის გამო.

ბელარუსში არსებულ ვითარებას, სადაც ათიათასობით ოპოზიციის მომხრე არის ციხეში და არანაირი კომპრომისის ან დიალოგის ნიშნები ჯერ კიდევ არ არსებობს.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რაც ეუთო-ს მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესი, რაზეც კომპრომისი არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ერთიანობის ქვაკუთხედი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.