გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი დღეს სასამართლოში გამოიკითხება
გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი დღეს სასამართლოში გამოიკითხება

გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი დღეს სასამართლოში გამოიკითხება. ამ საქმეზე მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან.

სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიგი უგულავაც, რომელიც აღნიშნულ საქმეს აბსურდის თეატრს უწოდებს. მისი თქმით, ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი ხელისუფლების დავალებებს ასრულებს.

„მე კანონით მაქვს უფლება,  ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ, რადგან ცხოვრებაში შეიძლება ასე ხშირად არ გქონდეს შესაძლებლობა, აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, რასაც დღევანდელი ივანიშვილის სასამართლო წარმოადგენს. როგორ მე გავიგე, დღეს დაზარალებული, ანუ ჩემ მიერ ნაცემი გავაშელიშვილი უნდა მოვიდეს. აი, კუნთმაგარ ხალხსაც ვხედავ. ძალიან კარგია, მოვიდეს ერთი, უნდა ჩავხედო თვალებში ზონდერს, მონას და ჩმორს. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ადამიანი ნოემბერში დარბევებში მონაწილეობდა, თავისუფალი დემონსტრანტების დარბევაში, ის არის ზონდერი, რომელიც ხელისუფლების სახელით ასეთ რაღაცებს სჩადის. ტყუილად აქვს იმედი, რომ ასე დამთავრდება. გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა, ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. ასე რომ, გავერთობით, ამ აბსურდის თეატრში მივიღებთ მონაწილეობას. ტყუილად ეგონა ამ იდიოტებით დაკომპლექტებულ რეჟიმს, რომ მე ახლა ამ ამნისტიას მივიღებდი და ამით ამას ჩაფარცხავდნენ. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ ჩაფარცხავთ, ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ გავაშელიშვილი არის თქვენ მიერ მოგზავნილი ჩმორი ზონდერი“, – აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავას ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული ძიუდიოსტის ჩვენებას თავდაყირა აყენებს დათვალიერების ოქმი, სადაც საუბარია აეროპორტის კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებზე.

„დღეს ევროპის ჩემპიონი ალბათ სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა, რა გრძნობა დაეუფლა გიგის მიერ მისი ცემის შემდეგ, ალბათ მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის და რამდენად ძლიერად იგრძნო ის ტკივილი, რომელიც მან მიიღო ცემის დროს.

გავაშელიშვილის ჩვენებას აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს კამერების დათვალიერების ოქმი.  გამომძიებელთან ერთად დავათავალიერეთ აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ელოდება გავაშელიშვილი გიგი უგულავას, როგორ ჩაუსაფრდნენ ბაქრაძე და გავაშელიშვილი უგულავას და შემდეგ უკვე როგორ დაესხნენ თავს. ეს ყველაფერი ასახულია დათვალიერების ოქმში“, – განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.