გიგი უგულავა - ვულოცავ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, დიდი ეპოქა იწყება
გიგი უგულავა - ვულოცავ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, დიდი ეპოქა იწყება

ვულოცავ ძალიან შთამბეჭდავ შედეგს ნიკა მელიას და მთლიანად ოპოზიციას, თბილისში მეორე ტურია და ნიკა ლიდერობს, მინდა, მას წარმატება ვუსურვო, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, რაც შეეხება ფოთს, მათი მონაცემებით, ფოთში მერის ნაწილში მეორე ტური გაიმართება.

„ახლა დათვლის ეტაპია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, მერის ნაწილში იქნება მეორე ტური, დანარჩენი უკვე დამოკიდებულია, როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. მინდა, ისინი გავამხნევო აქედან, ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი, რადგან მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს, ეს შედეგი იქნება დადებული სულ მალე, როდესაც დამთავრდება დათვლის პროცესი. მინდა, მივულოცო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის აქ, ფოთში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საკრებულოების კონფიგურაციას, რათა ის გეგმები, რაც ჩვენ გვაქვს, განვახორციელოთ. ამიტომ, წინ გამარჯვებისკენ, არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არც ერთი ხმა არ უნდა გაყალბდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.