გიგი უგულავა - უმრავლესობა დეპუტატებს გოდრებით დაატარებს, სირცხვილის კორიდორში რომ არ გაიარონ
გიგი უგულავა - უმრავლესობა დეპუტატებს გოდრებით დაატარებს, სირცხვილის კორიდორში რომ არ გაიარონ

პარლამეტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად ადრე შევიდნენ.

„დაგეგმილი გვაქვს სირცხვილის კორიდორი. როგორც ცნობილია, გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს უცბად ჩანიშნეს დილით უმრავლესობის სხდომა, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში. კი, ბატონო, ორზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, ცხრაზე შეიყვანოთ დეპუტატები; დილის ათზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, დილის ექვსზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამიანების ხმა მაინც მოაღწევს თქვენს ყურამდე, სადაც უნდა დაიმალოთ, როგორც უნდა დაიმალოთ.

ამოცანაც ზუსტად ეს არის, ჩვენ მშვიდობიანად და მტკიცედ ვაპირებთ მუდმივად ამის შეხსენებას. რაც უნდა შეეცადოს უმრავლესობა თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით, ჩვენ დავინახეთ, რომ 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციას, გაბრაზებულ ადამიანებს შეარქვას და მოძალადეების იარლიყი მიაწებოს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, კარგად ხედავს, რომ ჩვენ გვყავს მატყუარა და ამავე დროს, მოძალადე ხელისუფლება. შესაბამისად, ასე ფეხდაფეხ ვივლით. კი, ბატონო, დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, ადრე შეძვრნენ შენობაში, დაიმალონ. აი, ეს არის ჩვენი ამოცანა, რადგან ამ ადამიანებს თავი არ აქვთ გამოსაყოფი და ჩვენ ამას მუდმივად შევახსენებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა და სესია არის დაგეგმილი. ამ დროისთვის კი, პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.