გიგი უგულავა  -„სტრატეგია აღმაშენებელთან“, „გირჩთან“ და „ლელოსთან“ ჩვენ გვაქვს პოზიციების მეტი თანხვედრა, მაგრამ რამე ტიპის საარჩევნო ბლოკზე საუბარი ჯერ ზედმეტია
გიგი უგულავა -„სტრატეგია აღმაშენებელთან“, „გირჩთან“ და „ლელოსთან“ ჩვენ გვაქვს პოზიციების მეტი თანხვედრა, მაგრამ რამე ტიპის საარჩევნო ბლოკზე საუბარი ჯერ ზედმეტია

„სტრატეგია აღმაშენებელთან“, „გირჩთან“ და „ლელოსთან“ ჩვენ გვაქვს პოზიციების მეტი თანხვედრა, მაგრამ რამე ტიპის საარჩევნო ბლოკზე საუბარი ჯერ ზედმეტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, აღნიშნულ პარტიებთან არჩევნებამდეც ჰქონდათ საუბარი, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა სტრატეგიულ მიმართულებაზე პოზიციების შეჯერებას.

„ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რამე ტიპის ბლოკებზე და კოალიციებზე ლაპარაკი ადრეა, ჩვენ ამ პარტიებთან -„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო“ საუბრები მუდმივად გვქონდა არჩევნებამდეც, ეს იყო სხვადასხვა სტრატეგიულ მიმართულებაზე პოზიციების შეჯერება, როგორიც არის მართლმსაჯულების, თვითმართველობის რეფორმა, ეკონომიკური რეფორმა. იმისთვის რომ ბლოკი შეიქმნას, უნდა იყოს იქს წითელი ხაზები, რომელშიც ვთანხმდებით, რომ არ გადავალთ და იქს მწვანე ხაზები. ანუ, იქ, სადაც ვთანხმდებით, რომ იქნება ჩვენი პოზიცია.

ამიტომ მე შემიძლია ერთადერთი რამ დავადასტურო, ამ პარტიებთან ჩვენ გვაქვს მეტი თანხვედრა პოზიციების, მაგრამ რამე ტიპის საარჩევნო ბლოკზე საუბარი ჯერ ზედმეტია, ისედაც და პირველ რიგში, როცა არჩევნები ჯერ არ არის ჩანიშნული. ამიტომ, ჯერ უნდა გადახტე და მერე თქვა ჰოპო. ჯერ უნდა მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები და შემდეგ უკვე შეიძლება სხვადასხვა კონფიგურაციაზე საუბარი “, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსნებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის პოლიტიკური კონსულტაციები შედგა. როგორც ბაქრაძე ამბობს, ეს პარტიებია: „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.