გიგი უგულავა - შეხვედრიდან თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ არაფერს ასაჯაროებს, მე მოვიწვევ ბრიფინგს და ვიტყვი, არ ვთვლი, რომ ეს ელჩების შეურაცხყოფაა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი პოზიცია არის უცვლელი.
მისი თქმით, არ აპირებენ მოლაპარაკებების შეწყვეტას.
„თუ იქნება პოლიტპატიმრები, მაშინ ძალადობრივი ფონის პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია. მეორე საკითხი არის რიგგარეშე არჩევნები/პლებისციტი, როგორც რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი შესაძლებლობა, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ამბობს კის ან არას, უნდა თუ არა არჩევნები და ბუნებრივია, ცესკო-ს რეფორმა. ბუნებრივია, ამ შემადგენლობით და ამ სისტემით შეუძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს პოზიციები შეჯერდა კიდევ ერთხელ, რა ნაწილში დაემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიცია, მე ვერ გეტყვით და იმ მთავარ ნაწილში, თუ არ დაემთხვევა, მეორეხარისხოვნად მივიჩნევ, თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მთავარი თემა ძალაში რჩება, ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკების შეწყვეტას. თუ მოლაპარაკების შეწყვეტას აპირებს „ქართული ოცნება“ მისი პრობლემა, როდესაც წითელ ხაზებზე საუბრობს. ჩვენ ჩვენს ფასილიტატორ ელჩებს ვეუბნებით მადლობას, იქნება შემდეგი რაუნდი. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, დავარწმუნოთ, თუ არადა, იქნება ერთპარტიული პარლამენტი და ამ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში კიდევ თვითონ „ქართული ოცნება“ ისევ დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას. როგორც მოგეხსენებათ, ჭირვეულის მორჯულება ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება. ამიტომ, ეს არის პროცესი, მაგრამ ეს აუცულებლად ჭირვეულის მორჯულებით დასრულდება“, – განაცხადა უგულავამ, ელჩებთან შეხვედრამდე ოპოზიციის შეკრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უგულავას თქმით, მათთვის და ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობისთვის რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი, ფუნდამენტური და არ იცვლება არანაირ მხოლოდ ცესკო-ს ეფემერულ რეფორმაში.
„ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა – როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს ცესკო-ს რეფორმაზე, ჯერ ერთი, ამით აღიარებს, რომ ეს ცესკო არის გაყალბების ბუდე და მეორე – ცესკო-ს რეფორმას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა; საკმარისი ხმები აქვთ, რომ ეს ცესკო-ს რეფორმა თავად მათ ჩაატარონ უჩვენოდ. ამიტომ არავინ არაფერს არ აპირებს გადაყლაპოს ეს ზღაპარი და თუ ვინმე ამ ანკესს წამოეგება, ეს მისი პრობლემაა.
ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ შეხვედრის შემდეგ იქნება დარიგებული დოკუმენტი, გვერდიგვერდ – აქეთ პოზიცია, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და იქით, ისინი რას სთავაზობენ ოპოზიციას, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რას მამაძაღლობს „ქართული ოცნება“. თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ არ ასაჯაროებს, მე მოვიწვევ ბრიფინგს და ვიტყვი.
არ ვთვლი, რომ ელჩების შეურაცხყოფაა ეს. თხოვნა მოდის „ქართული ოცნებისგან“ და მე მინდა, გითხრათ, გუშინ იმ ორმა ვაჟბატონმა დაარღვია ეს შეთანხმება, როდესაც წითელ ხაზებზე ილაპარაკა. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ მოკითხეთ რაიმეს დარღვევა და რაიმეს უგულებელყოფა“, – განაცხადა უგულავამ.