გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისევეა დროსა და სივრცეში აცდენილი, როგორც თავად ეს ფიგურა
გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისევეა დროსა და სივრცეში აცდენილი, როგორც თავად ეს ფიგურა

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროსა და სივრცეშია აცდენილი ისევე, როგორც თვითონ ეს ფიგურა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, რომ მომლაპარაკებლის როლი იტვირთოს, ამისთვის ნდობაა საჭირო. უგულავა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ნდობის მოსაპოვებლად გადადგას ნაბიჯი და გიორგი რურუა შეიწყალოს.

„ის ახალ პრემიერს მოუწოდებს, არ მისცეს სხვადასხვა რჯულის პოლიტიკოსებს საშუალება, რომ ქულები ჩაიწერონ. რა მისი საქმეა, ვინ რა ქულებს ჩაიწერს? იმის მაგივრად, რომ გააცნობიეროს კრიზისი, გვეუბნება, წინაპირობების გარეშე უნდა იყოს მოლაპარაკებებიო. თუ წინაპირობების გარშე უნდა იყოს მოლაპარაკებები, მაშინ რატომ უყენებ მოთხოვნებს ამ შემთხვევაში მთავრობას? სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ორგანული ნაწილია „ქართული ოცნების“ და არაფრით არ განსხვავდება ღარიბაშვილისგან. თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ მომლაპარაკებლის როლი იტვირთოს, რასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს, ამისთვის მინიმალური ნდობაა საჭირო. ამიტომ, მას მინდა მოვუწოდო, თუ უნდა რაღაცნაირად გახდეს პროცესის ფასილიტატორი, ამ ნდობისთვის აუცილებელია, შეიწყალის გიორგი რურუა. თუ ეს ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან გადადგმული, ეს იქნება აღქმული ჩვენი მხრიდან, როგორც სწორი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციის დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებაა გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური აღქმადობის საქმეების უკან წაღება.

სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელიც გველაპარაკება, რომ ადამიანის ზრუნვით ფრთები ამოსდის. ვნახეთ, მთავრობა, რომელიც გვეუბნება, ესებუა იმიტომ გაუშვა, რომ იქ რამე არ მომხდარიყო, მას შემდეგ დასდევს და ხუთასი ათასიც გაატანა. ეს მთავრობა აპირებს შემოვიდეს შენობაში, სადაც ასობით ჟურნალისტი და კიდევ მეტი სხვადასხვა გულანთებული ადამიანია. ერთ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ზრუნავენ და მძევლების ამყვან ტერორისტს ფიანდაზად უშვებენ, მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ შეიძლება აქ შემოვარდნენ და კატასტროფა დაატრიალონ. 40 000 ლარის გირაოს გამო შეიძლება, სახელმწიფომ ასეთი რამ ჩაიდინოს? სად არის ლოგიკა ან ჯანსაღი აზრი? ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციის არის, რომ მოხდეს დეზოლვირება იმ გადაწყვეტილების, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას ითვალისწინებს და დაუბრუნდნენ მაგიდას. ეს არ იქნება სისუსტის დემონსტრირება, არამედ იქნება ჯანსაღი აზრის დემონსტრირება. შემოვარდნა იქნება სისუსტის დემონსტრირება, რადგან შემოვარდნას ექნება პასუხი, ექნება საეთაშორისო პასუხიც და ჩვენს თავს დავიცავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ის იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია.