გიგი უგულავა - სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში
სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ამ ცვლილებებს მოიტანს გუნდი, რომელსაც აქვს კომპეტენცია, იაზრებს წარსულს და მის შეცდომებს. უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გუნდია „ევროპული საქართველო“, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
„ყველა ოლქში აბსოლუტურად განსხვავებული და ამავე დროს, საერთო კამპანია გვაქვს, ფოკუსირებული გარდამტეხ ცვლილებებზე. ამავე დროს ყველას აქვს განსხვავებული და ინდივიდუალური კამპანია. სწორედ ეს არის გუნდის მარილი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ვინ არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე და რა არის „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა“, გეტყვით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები არ არიან ადამიანები, „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა იყო ის, რომ ხალხმა უარი თქვა კორუფციაზე, სახელმწიფოს არარსებობაზე, ნეპოტიზმსა და საბჭოთა კავშირის გადმონაშთზე ჩვენს ქვეყანაში.
ამ თვალსაზრისით, მთავარი მემკვიდრეობა არის რეფორმები, რომელმაც ეკონომიკა ფეხზე დააყენა და დღემდე რვა წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ანგრევს, დახუნძლა უაზრო პარაზიტული რეგულაციებით, მაგრამ მაინც ვერ დაახრჩო და თუ რამე არსებობს დღეს, სწორედ ამ რეფორმების შედეგია. ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება, ცოდნა, და „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი დგას აქ, იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია, უაზრო ბიუროკრატია.
ეს გუნდი სჭირდება დღეს საქართველოს, რადგან ხვალ საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ცვლილებებს სჭირდება კომპეტენციაც, წარსულის გააზრებაც, შეცდომის აღიარებაც და იქ, სადაც ჩვენ ოდესმე მიგვიღწევია, ყოველთვის ვიცით, რომ არასდროს არ უნდა მოვითხოვოთ მადლობა და სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში. სწორედ ეს არის გუნდის სიძლიერე, რადგანაც როდესაც ვლაპარაკობთ პარლამენტზე, რომელმაც უნდა მიიღოს კანონი, ამას სჭირდება გუნდი. პარლამენტი არ არის არც სპორტდარბაზი და არც ფილარმონია, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა მოემსახურო. ოთხი წლის ვადით ჩაირთო წამზომი და ეს წამზომი გვავალდებულებს ჩვენ, რომ დავწიოთ გადასახადები, შევამციროთ ბიუროკრატიის ხარჯი, გავაძლიეროთ სასამართლო. მართლმსაჯულება და კრიმინალთან ბრძოლა არასდროს აღარ უნდა იყოს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ამას სჭირდება ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება და ის, რაც დღეს საქართველოში სწორედ „ევროპულ საქართველოს“ წარმოაჩენს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ევროპულმა საქართველომ“ დღეს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.