გიგი უგულავა - „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევიან როგორც ველურები
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოვიდა და ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ოპოზიციაში თუ ვერ მოვნახავთ საერთო ენას, ვინ ირწმუნებს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში შევძლებთ კონსტრუქციულად ყოფნას. ამიტომ, არ უნდა დავემსგავსოთ „ქოცებს“, „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევიან როგორც ველურები. ჩვენ ოპოზიციაშივე უნდა ვანახოთ მაღალი სტანდარტი, სტანდარტი ღირებულებების ერთგულების, სტანდარტი ერთმანეთთან ოპონირების და სტანდარტი საერთო თამაშის ერთგულების, რადგან დღეს ამდენი განსხვავებული პოლიტიკური ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი ერთ აზრზეა.
ერთადერთი რაღაც გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი, თავისუფალი თამაშის წესები. უნდა შევძლო, სამართლიან პირობებში დავამარცხო თუნდაც, ეს პარტია ან ის, იმან დამამარცხოს მე. სულერთია, მთავარია, ჩვენ ყველას გვჭირდება თამაშის წესი და ეს თამაშის წესი აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ხელფასები გაიზარდოს; თუ უნდათ იმ პოლიციელებსაც, ხელფასები გაეზარდოთ, ისე კი არა, წინასაარჩევნოდ სამადლოდ რომ გადმოგიგდებთ ახლა ღარიბაშვილი თუ რაც ქვია, ივანიშვილი, არამედ ეს იყოს დემოკრატიის, თავისუფლების საფუძვლებზე დაყრდნობილი და დამყარებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.