გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ უკან დახევას ჯერ არ აპირებს, მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ
გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ უკან დახევას ჯერ არ აპირებს, მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ

ჩვენ არსად გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ, ვიდრე სულ ცოტა, რაიმე ტიპის შეხვედრა არ ჩაინიშნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა, რაც ხელს არ შეუწყობს მის მიერ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

„ერთ ღამეში შეიცვალა ერთი ის, რომ ალბათ, ვიღაცამ ღარიბაშვილს ყური აუწია, მეორე ის, რომ იგრძნეს, რაღაცნაირად უნდა შეეთამაშონ საკუთარ ამომრჩეველს და ისევ დაიწყეს იმავეთი კვება. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და კვლავ უსინდისოდ სპეკულირებდა კარტოგრაფების საქმეზე და იგივენაირად  იყო გაყეყეჩებული, როგორც პარლამენტში დამტკიცებისას. ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს პარტნიორების მიმართ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მან აიღო.

აქციები მანამდე იყო დაანონსებული. აქცია, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშია, არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის სხვა, პარალელურ პროცესთან. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ, ვიდრე სულ ცოტა, რაიმე ტიპის შეხვედრა არ ჩაინიშნება. ჩვენ მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ. ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ არ აპირებს, უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც“, – განაცხადა გიგი უგულავამ.