გიგი უგულავა - მივმართავ პოლიციელებს, თუ გეყოფათ გამბედაობა და ეტყვით ხელმძღვანელობას, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა, ბევრი რამ შეიძლება, წავიდეს უკეთესად
გიგი უგულავა - მივმართავ პოლიციელებს, თუ გეყოფათ გამბედაობა და ეტყვით ხელმძღვანელობას, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა, ბევრი რამ შეიძლება, წავიდეს უკეთესად

ჩვენ მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, გონისგან დაცლილი ხელისუფლება და ამიტომ ერთი ათად არის თქვენი პასუხისმგებლობა გაზრდილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ღარიბაშვილის გაპრემიერებასთან ერთად, კატასტროფული გადაწყვეტილებების ალბათობა იზრდება. მინდა, მივმართო პოლიციელებს, გახარია გადადგა იმის გამო, რომ თქვენ არ აგეღოთ პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რაც შეიძლებოდა, ამ უგუნურ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. თქვენზე ძალიან ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული და თუ თქვენ გეყოფათ გამბედაობა და ეტყვით თქვენს ხელმძღვანელობას, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი, ჩხუბით და ერთმანეთის თავების დამტვრევით პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და მოუწოდებთ, რომ ეს არ არის კრიმინალთან ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა, რაშიც პოლიციას არაფერი ესაქმება, თქვენ ხელში იქნება ბევრი რამ, თუ თქვენ გააგებინებთ თქვენს ხელმძღვანელობას იმას, რისი მცდელობაც გახარიას ჰქონდა, ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება, წავიდეს უკეთესად. თუ თქვენ მონურად დაემორჩილებით ამ შლეგი, ნახევრად ადამიანის, გაბოროტებული ჯამბაზის გადაწყვეტილებებს, მაშინ თქვენ მას ჩაყვებით საფლავში, რადგან არამარტო თქვენ, არამედ თქვენს შთამომავლებსაც დაწყევლის ხალხი. ჩვენ მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, გონისგან დაცლილი ხელისუფლება და ამიტომ ერთი ათად არის თქვენი პასუხისმგებლობა გაზრდილი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევარდნა იგეგმება.

„ჩვენ აქ არაფერ უკანონოს არ ვაპირებთ. ჩვენთვის ცნობილია ის გეგმა, რითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვებენ პროვოკატორს. დღეს საზოგადოების მთავარი ადრესატი უნდა იყოს ყველა ის პოლიციელი, რომელიც დგას არჩევანის წინაშე. არ შეასრულოთ ეს დავალება, უთხარით, რომ პოლიტიკური კრიზისი მაგიდაზე დაჯდომით უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

დატოვე კომენტარი